Logo

შერაზ გასრი - ჩვენ თავისუფლების მხარეს ვართ, იმავე მიზეზით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ქმედებების ავტორიტარული კურსი

პოლიტიკა
209
Frontnews image description

მჯერა, რომ ქართველი ხალხი, ერთიანობისა და დამოუკიდებლობის ღრმა გრძნობით გაერთიანდება, გადალახავს განხეთქილებებს და დაიცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ მიღებაზე განაცხადა.

ელჩის თქმით, საფრანგეთი საქართველოს გვერდით იქნება მის ევროპისკენ მიმავალ გზაზე თავისუფლებისკენ სწრაფვაში.

"ეს არის დრო, როცა უნდა დავფიქრდეთ იდეალზე - თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა - რაც ოდესღაც რევოლუციური იყო, მაგრამ დღეს, წინაპირობაა ყველა თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, რომელიც ცდილობს იყოს აყვავებული, დამოუკიდებელი, შიდა გამოწვევებისა და გარე საფრთხეების მიმართ მდგრადი.

თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის ეს იდეალი წარმართავს ჩვენს ქმედებებს საფრანგეთში. ის ასევე განსაზღვრავს ჩვენს საგარეო პოლიტიკას და ჩვენს ქმედებებს საქართველოში.

საფრანგეთი თავისუფლების მხარესაა. როდესაც ჩვენ ვეუბნებით "დიახ"-ს საქართველოს თავისუფალ ნებას ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ თავისუფლების მხარეს ვართ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზო მიმოსვლას ვაძლევთ.
 
იმავე მიზეზით მოვუწოდებთ დღეს, საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები; გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და შეცვალოს ქმედებების ავტორიტარული კურსი.
 
იწურება რა ჩემი მანდატი საქართველოში, მჯერა, რომ ქართველი ხალხი, ერთიანობისა და დამოუკიდებლობის ღრმა გრძნობით გაერთიანდება, გადალახავს განხეთქილებებს და დაიცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. 
 
როგორც პრეზიდენტმა მაკრონმა არაერთხელ განაცხადა, საფრანგეთი საქართველოს გვერდით იქნება მის ევროპისკენ მიმავალ გზაზე და თავისუფლებისკენ სწრაფვაში.

საფრანგეთი საქართველოში მხარს უჭერს თანასწორობას, რომელიც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავისუფლება, როდესაც ვახორციელებთ ინვესტიციებს კერძო ბანკებში, რათა მხარი დავუჭიროთ ქალთა მეწარმეობას და მცირე და საშუალო ბიზნესს სოფლად, იმისათვის, რომ ეკონომიკურმა ზრდამ ყველას მოუტანოს სარგებელი.
 
როდესაც ჩვენს ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მივმართავთ აუცილებელ სერვისებზე თანაბარი წვდომისკენ, სუფთა წყლიდან დაწყებული, ელექტროენერგიით, სოციალური დაცვითა და ჯანდაცვით დამთავრებული. მე და ჩემი გუნდი ვამაყობთ ჩვენი პარტნიორობით იაშვილისა და ნეკერის საავადმყოფოებთან, GIMPHA-სა და ბერი ანდრიას ფონდთან, რათა გავაძლიეროთ პედიატრიული მომსახურება აქ, საქართველოში. ასეთი პროექტები უნდა გამრავლდეს. ნაცვლად ამისა, ჩვენს თანამშრომლობას ხელს უშლის შემზღუდავი კანონმდებლობა დაუნდობლობა.

ნება მომეცით, დავასრულო ძმობით. ძმობა აერთიანებს ფრანგ და ქართველ ხალხებს მათი უნიკალური ენის, კულტურისა და ისტორიის სიყვარულსა და ერთგულებაში. ვამაყობთ, რომ წვლილი შევიტანეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხევსურეთში შუა საუკუნეების კოშკების აღდგენიდან დაწყებული, ზუგდიდში მოზაიკების შენარჩუნებით, თუშური მუსიკალური ტრადიციების ჩაწერით თუ ქართული ლიტერატურის თარგმნით დამთავრებული. ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს საქართველოს შესანიშნავი ისტორიის აღიარებაში, რომელიც ჩვენიც არის. ვამაყობთ, რომ PSG-მ მიაღწია მწვერვალს კვარასთან, ხოლო საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა ვილი სანიოლთან ერთად.

ჩვენი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, ბიზნესები, შეიარაღებული ძალები ერთად გააგრძელებენ წინსვლას, სოლიდარობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით, ჩვენი ერების უსაფრთხოებისთვის და დაახლოებისთვის, ვიწრო ინტერესის, შეთქმულების თეორიებისა და პროპაგანდის მიღმა", - განაცხადა ელჩმა.

Advertisement