Logo

შიო მესამე - გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას

Frontnews image description

დღეს, დიდი მოციქულებრივი და სულიერი მემკვიდრეობის წინაშე მდგარი, შვილებრივი სიყვარულით ვიყრი მუხლს ჩემს წინამორბედ დიდ კათოლიკოს-პატრიარქთა ღვაწლის წინაშე და შევთხოვ მათ ნეტარ სულებს, მომცენ ძალა და შეწევნა, მათ მსგავსად, როგორც კეთილმა მწყემსმა შევძლო სული დავდო ცხოვართა ჩემთათვის და მორჩილად ვზიდო პატრიარქობის მძიმე ჯვარი, როგორც უღელი  ტკბილი და ტვირთი - მსუბუქი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ დროს განსაკუთრებით გასააზრებელია ის გზა, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ამ წლების მანძილზე განვლო.

"ამ ღვთივკურთხეულ დღეს, აქ, სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში თქვენ წინაშე მდგარი ვმადლობ და ვადიდებ უფალს, ამავდროულად კი მიპყრობს კრძალვა და სასოებით შევღაღადებ მას - "მაუწყე მე უფალო გზა, რომელსაცა ვიდოდი". ვსასოებ და მუხლს ვიყრი ყოვლადმოწყალე ღვთის წინაშე, რომლის განგებულებით, საქართველოს მართლმადიდებელმა დიდმა კრებამ დამადგინა ანდრია პირველწოდებულის მიერ საფუძველდადებული ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად. 

"არავინ თავით თვისით მოიღის პატივი, არამედ რომელი წოდებულ არ ღმრთისა მიერ" - ამბობს მოციქული პავლე და მეც განმცდელი ამ პატივისა და სიდიადისა, სრულად ვარ მინდობილი ყოვლადწმინდა სამებას, რადგან ამ ჯვრის ტვირთვა ღვთის შეწევნის გარეშე კაცთათვის შეუძლებელია, მაგრამ მანუგეშებს და მამხნევებს უფლის სიტყვები - "არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ".

2 000 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით გამოემართა საქართველოსკენ, რათა უფლის კვართის მფლობელი ერი ქრისტეს ნათელს ზიარებულიყო. სწორედ უფლის ცოცხალი სიტყვით ჰპოვა ქართველმა ხალხმა თავისი სახე.

საუკუნეებია, იბრძვის, იღვწის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება ჩვენი ქვეყანა, კარგავს ძვირფას მამულიშვილებს, მაგრამ კვლავ მრავლდება, ეცემა, მაგრამ ისევ დგება, რადგან მოციქულის ღვაწლით განათლებულმა თავის გულში ღრმად დაინახა უფლის სიტყვა და უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს.

ასეთ წუთებში განსაკუთრებით ვლოცულობთ, რომ უფლის დედის წილხვდომილობა და მადლი, მაცხოვრის მიერ პირველწოდებული მოწაფის სიტყვის ძალა არასდროს მოჰკლებოდეს ჩვენს ერს და ეკლესიას. 

1 700 წლის წინ ჩვენმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ამ დღიდან მოყოლებული ეკლესია იქცა ერთობის, თვითმყოფადობის, სულიერი და სახელმწიფო ცნობიერების ბურჯად.

თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს, ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ამარცხებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს, ამიტომ, ერთიორად მძიმეა მწყემსმთავრობის ტვირთი, რთულია სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად ღირსეულად გაუმკლავდე ამა სოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა და ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად, ამიტომ, გვმართებს თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის, მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია. საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას და მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს, რომლებიც, ვინ იცის, უძღებ შვილთა მსგავსად, ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას. სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული და ჩვენი მოწოდება, რადგან გვასწავლის უფალი - "რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდყოფა, იყოს თქვენდა მსახურ".

ქვეყნის ხვალინდელი დღე და ჩვენი შვილები არიან მომავალი ჩვენი. ისინი ყოველდღიურად გვაკვირდებიან, ისმენენ, სწავლობენ ჩვენგან, ხშირად, ცხოვრების განსხვავებულ გზებს ირჩევენ, მაგრამ მაინც შვილებად რჩებიან. სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი სიყვარული, ზრუნვა და თანადგომა. მათში უნდა განმტკიცდეს ქრისტეს რწმენა, ეროვნული ფასეულობები, ტრადიციებისადმი პატივისცემა, პასუხისმგებლობის განცდა ერისა და ეკლესიის წინაშე. ეს კი ისევ და ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ისე უნდა ვიცხოვროთ და ვიშრომოთ, რომ მათთვის ღირსეულ მაგალითად ვიქცეთ, რათა მომავალში ერთსულოვანი, მორწმუნე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით გამსჭვალული მოქალაქეები ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას.  

დღეს, დიდი მოციქულებრივი და სულიერი მემკვიდრეობის წინაშე მდგარი, შვილებრივი სიყვარულით ვიყრი მუხლს ჩემს წინამორბედ დიდ კათოლიკოს-პატრიარქთა ღვაწლის წინაშე და შევთხოვ მათ ნეტარ სულებს, მომცენ ძალა და შეწევნა, მათ მსგავსად, როგორც კეთილმა მწყემსმა შევძლო სული დავდო ცხოვართა ჩემთათვის და მორჩილად ვზიდო პატრიარქობის მძიმე ჯვარი, როგორც უღელი  ტკბილი და ტვირთი - მსუბუქი. ამ წუთებში განსაკუთრებით ვგრძნობ, რაოდენ ეკლიანი და რთული იყო ჩვენი დიდი სულიერი მამის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მწყემსმთავრობის გზა. როგორც მორჩილ და მოყვარულ შვილებს გვმართებს, მოვუფრთხილდეთ მის სულიერ მემკვიდრეობას და  გავაგრძელოთ მისი გზა - ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის მსახურებისა.

დღეს თქვენს წინაშე მდგარი, კიდევ ერთხელ ვიხსენებ ჩვენი ეკლესიისა და ერის ღვთივკურთხეულ წარსულს, მის მფარველ წმინდანებს, გმირ წინაპრებს, წმინდა მეფე-დედოფლებს და კიდევ უფრო ძალუმად მიპყრობს ჩემი სიმწირის და ადამიანური უძლურების განცდა. შეუძლებელია უფლის განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა, რატომ ინება ასეთი დიდი მადლის და მსახურების ტვირთვა ჩემზე. თუმცა კი, გაცნობიერებული მაქვს მისი პატივიც, სიდიადეც და სიმძიმეც.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ჩვენს საყვარელ ხალხს, ჩვენს მრევლს ამ რთულ დღეებსა და წუთებში ლოცვისა და თანადგომისთვის. ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს საამაყო სამღვდელოებას და საამაყო სამონაზვნო დასს, როგორც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იტყოდა, ლოცვებისთვის, თანადგომისთვის და სიყვარულისთვის.

გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ვემსახურო მართლმადიდებელ ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს. დაე, სიყვარულით და რწმენით განმტკიცებულნი, ერთობით ვადიდებდეთ უფალს, ვიყოთ ერთსამწყსო და ერთმწყემს“, - განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ.

თაგები:

შიო მესამე
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები