შიო მესამე - თუ ვინმე ამ ერთობას განუდგა, უნდა ვეცადოთ, კვლავ დაბრუნდეს ერთიანი ეკლესიის ამ ერთობის წიაღში

ავტორი
Front News საქართველო
ქრისტეს მორწმუნეების ერთობა და ჩვენი სულიერი ნათესაობა სრულიად განსაკუთრებულია, ის აღემატება ყოველგვარ ხორციელ ნათესაობას… რადგან ეს ნათესაობა ქრისტესმიერი, სრულიად განსაკუთრებულია, ის მომდინარეობს ერთი პურიდან და ერთი ბარძიმიდან, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ ქადაგებისას განაცხადა.
„ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამებო, ძმებო და დებო! გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს – პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების ხსენებას. ამ დღესთან დაკავშირებით წაკითხული იყო სახარებიდან მონაკვეთი, საიდანაც ვიგებთ, რომ უფალმა იესო ქრისტემ საიდუმლო სერობის შემდეგ, მას მერე, რაც უკანასკნელად ესაუბრა თავის მოწაფეებს, ლოცვით მიმართა ზეციერ მამას. ეს სრულიად განსაკუთრებული ლოცვაა თავისი მნიშვნელობით, თავისი მშვენიერებით და საღვთისმეტყველო აზრით.
ამ ლოცვაში უფალი იესო ქრისტე განმარტავს, თუ რა არის მარადიული ცხოვრება, რაში მდგომარეობს ის. იგი ამბობს, რომ მარადიული ცხოვრება არის ერთი ჭეშმარიტი ღმერთის და მის მიერ მოვლენილი იესო ქრისტეს შეცნობა (ინ. 17, 3). ამ სიტყვებიდან ვიგებთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ მარადიული ცხოვრებისთვის არ არის საკმარისი, მხოლოდ გწამდეს ერთი ღმერთი, როგორც ამბობენ ზოგიერთები, რომ ღმერთი ერთია და რა მნიშვნელობა აქვს თითქოს, რომელ რელიგიას ეკუთვნის ადამიანი, ეს ხომ ყველაფერი ერთი ღმერთისგან მოდისო.
მაგრამ უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ მარადიული ცხოვრებისთვის არ არის საკმარისი, მხოლოდ ერთი ღმერთი გწამდეს, არამედ ასევე აუცილებელია, გწამდეს მის მიერ მოვლენილი მხოლოდშობილი ძე ღმერთი – იესო ქრისტე. თორემ არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ თავის თავს ერთი ღმერთის მორწმუნედ, მაგრამ ბოროტებასაც ჩადიან, მკვლელობებსაც ჩადიან, ტერაქტებსაც ჩადიან და თან გაიძახიან ღმერთის დიდებას. – ხომ ასეა? ამავე დროს, სძულთ ღვთისგან, ერთი ღმერთისგან კაცობრიობის ხსნისა და გადარჩენისთვის მოვლენილი მხოლოდშობილი ძე და მხსნელი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
ე. ი. აუცილებელია ასევე, გვწამდეს იესო ქრისტე, როგორც ძე ღმერთი და მაცხოვარი სოფლისა. ამ ლოცვის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელობა ამაში მდგომარეობს.
ჩვენ დღეს ვიხსენიებთ პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამებს, რომლებმაც განმარტეს და გამოთქვეს ეს ჭეშმარიტება ძე ღმერთის, იესო ქრისტეს შესახებ, რომ ის გახლავთ განკაცებული ძე ღმერთი; ის არ არის ღვთის ქმნილება, როგორც ჩვენ; ის არ არის ერთ-ერთი მორიგი წინასწარმეტყველი, თუ გნებავთ, ან მხოლოდ ზნეობის მოძღვარი, არამედ ის არის მხოლოდშობილი ძე ღვთისა, თანასწორი მამისა, ერთარსი მამისა და, ამავე დროს, ჩვენი თანასწორი ადამიანური, კაცობრივი ბუნებით.
ძვირფასო ძმებო და დებო, მას შემდეგ დიდი კრძალვით და სათუთად ვინახავთ ამ სარწმუნოებას. ჩვენი ერი ჯვარს ეცვა ამ სარწმუნოების შენახვისთვის და დღემდე მოვიდა ეს მაცხონებელი სარწმუნოება. ვმადლობთ უფალს, რომ ღმერთმა მოგვიწოდა თავის ეკლესიაში, რათა ვისაზრდოოთ მარადიული ცხოვრების წყაროსგან, რომელზეც საუბრობს უფალი იესო ქრისტე ამ ლოცვაში, რომელსაც ხშირად „სამეუფეო ლოცვასაც“ უწოდებენ.
აქ უფალი იესო ქრისტე ასევე ლოცულობს მოციქულებისთვის და, ზოგადად, ყველა მორწმუნისთვის, ანუ ჩვენთვის, ყველა დროის ქრისტიანისთვის, როცა ამბობს: „რათა ესენიც ჩვენსავით ერთ იყვნენ“ (ინ. 17, 11), – გულისხმობს თავის ერთობას მამაზეციერთან.
ქრისტეს მორწმუნეების ეს ერთობა და ჩვენი სულიერი ნათესაობა სრულიად განსაკუთრებულია, ის აღემატება ყოველგვარ ხორციელ ნათესაობას, ნათესაურ გრძნობებს და ურთიერთობებს, ასევე მეგობრულ ურთიერთობებსაც, რადგან ეს ნათესაობა ქრისტესმიერი, სრულიად განსაკუთრებულია, ის მომდინარეობს ერთი პურიდან და ერთი ბარძიმიდან. ქრისტეს სისხლსა და ხორცს როცა ვეზიარებით, ყოველთვის განვაახლებთ ჩვენში ამ ერთობას ერთმანეთთან და ღმერთთან, შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად, რაც, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, არის ეკლესია, რომლის თავიც ვინ არის? – თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე (კოლ. 1, 18).
უფალმა გვიანდერძა, გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ მისგან ბოძებული ეს ერთობა. ეს არის ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა. გვმართებს, ვიღვაწოთ, ვიშრომოთ და ვილოცოთ ამ ერთობის შენარჩუნებისთვის, რომ არ შედრკეს, არ შეირყეს ეს ერთობა, არ დაირღვეს, ამისთვის უნდა ვიღვაწოთ. და თუ ვინმე ამ ერთობას განუდგა, უნდა ვეცადოთ, კვლავ დაბრუნდეს ერთიანი ეკლესიის ამ ერთობის წიაღში და ეზიაროს მარადიულ ცხოვრებას, რომელიც გვეძლევა ღმერთის ეკლესიაში, იესო ქრისტეს ეკლესიაში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღესასწაულს. დღეს როდესაც ვიხსენიებთ პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამებს, მათთან ერთად – მოციქულთასწორ, ქართველთა განმანათლებელ ქალწულ ნინოს, მეფე მირიანს და დედოფალ ნანას, რომლებმაც იღვაწეს ქრისტეს რწმენის, მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებისა და გავრცელებისთვის, ვევედროთ უფალს, რომ შეგვეწიოს ამ რწმენის ერთგულებაში, შენახვაში, განმტკიცებაში და როგორც ნათქვამია ამ შესანიშნავ, საოცარ სამეუფეო ლოცვაში, „შეგვეწიოს ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობაში და მის მიერ მოვლენილი უფალ იესო ქრისტეს შეცნობაში“, რომ ამ რწმენით შევიცნოთ უფალი და მივაღწიოთ მარადიულ ცხოვრებას“, - განაცხადა შიო მესამემ.
თაგები:
შიო მესამე




