შიო მესამე - უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ უნდა განვამტკიცოთ ეს მიმართულება

ავტორი
Front News საქართველო
თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ, რა თქმა უნდა, ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სამებაში განაცხადა.
"როგორც ვიცით ბიბლიიდან, მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის და პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ იბადება ბავშვი, ეს ღვთისგან მოვლენილი ანგელოზი, იქ არის ბედნიერება, რადგან ის თავისი არსებობით ირგვლივ ყველაფერს ათბობს და ანათებს, მადლს ჰფენს. როგორც ვიცით მრავალშვილიანი ოჯახებისგან, მშობლებისგან, თავიდან უფრო რთულია, პირველ სამ შვილამდე რთულია, მერე და მერე ბევრად კლებულობს სირთულეები, უფრო ადვილია მრავალშვილიანი ოჯახის გაძღოლა. ჩვენ ამ ყველაფერზე თუ არ დავფიქრდით, თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, ჩვენს სამოთხესავით ლამაზ და მშვენიერ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები ჩვენთან ერთად, რომლებსაც უყვართ ბავშვები, არ იშორებენ შვილებს და იცავენ თავიანთ რელიგიას. ასე თუ გავაგრძელეთ, საშიშროება რეალურია, რომ გადააჭარბონ რიცხვობრივად ქართველობას.
ამიტომ, მოგვცეს მადლი უფალმა, რომ ვიზრუნოთ, ვიშრომოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ეს მიმართულება. ეს არის საწინდარი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, გამრავლების და ღვთის წყალობის“, – განაცხადა შიო მესამემ.
თაგები:
შიო მესამე




