Logo

შოთა თუთბერიძე - ელენე ხოშტარია უარს ამბობს დაცვის უფლებაზე

სამართალი
111
Frontnews image description

ელენე ხოშტარია უარს ამბობს დაცვის უფლებაზე. მას არ უნდა, რომ მისი დროის ან ყურადღების მცირე ნაწილიც კი დაუთმოს ამ ფარსს, რომელსაც ჰქვია მართლმსაჯულება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის რჩება ელენე ხოშტარიას ადვოკატად, მაგრამ ამ კონკრეტულ საქმეში მის უფლებებს არ დაიცავს.

"შევხვდით, ვისაუბრეთ. ვერ გეტყვით, რომ დადებითი მოლოდინები მაქვს, ბრალი არის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, ეს არის ბრალი, რომელზეც შსს საუბრობდა თავდაპირველადვე საჯაროდ, უფრო ზუსტად, ედავებიან 570 ლარის რაოდენობის ზიანის მიყენებას "ქართული ოცნების" ბანერებისთვის მარკერებით დაწერით.

მას შემდეგ, რაც მე ბრალი გამაცნეს და გადავედით სამართლის წარმოების ეტაპზე, ელენემ იქიდან გამომდინარე, რომ მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი ფარსია და როლი მოქალაქისა, რომელიც ტყვეობაში ჰყავთ, არის ამ სპექტაკლში უმნიშვნელო, მას არ სურს, რომ რაიმე ტიპის სამართლებრივი ან იურიდიული პროცედურები გამართოს რეჟიმთან. ამიტომ, ის უარს ამბობს დაცვის უფლებაზე. მე ვრჩები მის ადვოკატად ზოგადად, მაგრამ ამ საქმეში მის ინტერესებს არ დავიცავ. მას არ უნდა, რომ მისი დროის ან ყურადღების მცირე ნაწილიც კი დაუთმოს ამ ფარსს, რომელსაც ჰქვია მართლმსაჯულება.

სასამართლოში ჯერ არ არის შეტანილი და რას მოითხოვს პროკურატურა, ჯერჯერობით უცნობია. 

ეს ბრალი არის დეგრადირებული, სადაც ერთი აბზაცია ბრალი, სადაც წერია, რომ ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბრის საღამოს საათებში დააზიანა სამი ბანერი, თითოეული 190 ლარის ღირებულების", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ. 

პროკურატურამ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე "კოალიცია ცვლილებებისთვის"  ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით.

Advertisement