შსს – ალექსანდრე ელისაშვილი დევნის ბრალდებით არის დაკავებული


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.
დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.- ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო.
ალექსანდრე ელისაშვილი სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
თაგები:
ალეკო ელისაშვილი