Logo

სიბიგა - პუტინს არ ადარდებს არც რუსი ჯარისკაცები და არც მათი უკრაინული დრონებით მოწყვეტილი ფეხები, ის საკუთარი ხალხის მასობრივი მკვლელია

უკრაინა
267
Frontnews image description

რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი რუსი ჯარისკაცების მასობრივ მკვლელად იქცა და სრულიად უგულებელყო შეერთებული შტატების სამშვიდობო ძალისხმევა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პუტინის ცინიკური განცხადებები აჩვენებს შეერთებული შტატების სამშვიდობო ძალისხმევის სრულ უგულებელყოფას.

"მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები და დანარჩენი მსოფლიო მოუწოდებს მკვლელობების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, რუსეთის მთავარი სამხედრო დამნაშავე უკრაინის მიწების შემდგომი მიტაცების და უკრაინელების მკვლელობის გეგმებზე საუბრობს“, - წერს ის.

სიბიგას თქმით, პუტინის მიერ დღეს გაკეთებული ყველა გიჟური განცხადებიდან, "ერთი - რუსი ჯარისკაცის ფეხის შესახებ" გამოირჩევა.

"სინამდვილეში, სადაც რუსი ჯარისკაცი დგამს ფეხს, მას მხოლოდ სიკვდილი და განადგურება მოაქვს.

პუტინს არ ადარდებს არც რუსი ჯარისკაცები და არც მათი უკრაინული დრონებით მოწყვეტილი ფეხები. ის საკუთარი ხალხის მასობრივი მკვლელია. მან უკვე მოახდინა უკრაინაში უაზრო სისხლის ღვრაში ერთი მილიონი რუსი ჯარისკაცის უტილიზაცია ვერც ერთი სტრატეგიული მიზნის მიღწევის გარეშე. ერთი მილიონი ჯარისკაცი, ორი მილიონი ფეხი...

მაშინ როდესაც პუტინი დაკავებულია რუსული ფეხების სხვა ქვეყნების დასაპყრობად გაგზავნით, ის ქვეყნის შიგნით რუსებს ეკონომიკურად მუხლებზე აჩოქებს.

მისი ცინიკური განცხადებები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: საუკუნის მეოთხედის განმავლობაში მისი მმართველობის სრული მარცხიდან საჯარო ყურადღების გადატანას. მან რუსეთი მიიყვანა ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მსგავსი გარიყული რეჟიმების სამარცხვინო კლუბში, საერთაშორისო იზოლაციაში და დაუსრულებელ ეკონომიკურ სტაგნაციაში, რომელიც მხოლოდ გაუარესდება.

რუსეთის მშვიდობისკენ იძულების ერთადერთი გზა მისთვის დაუსჯელობის გრძნობის ჩამორთმევაა. გაზარდეთ უკრაინის თავდაცვისთვის მხარდაჭერა და ძლიერად დაარტყით რუსეთის ეკონომიკას გამანადგურებელი სანქციებით, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადეთ, სრულად მოახდინეთ მისი იზოლაცია, გონზე მოიყვანეთ მოსკოვი“, - წერს სიბიგა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა - "ძველებური წესია: იქ, სადაც რუსი სამხედროს ფეხი აბიჯებს, ჩვენია".

კერძოდ, პუტინს ჰკითხეს, რამდენად შორს შეუძლია რუსეთის არმიას წასვლა უკრაინის წინააღმდეგ ომის კონტექსტში, რადგან რუსი ჯარისკაცები სცილდებიან იმ უკრაინული რეგიონების ტერიტორიას, რომლებიც მოსკოვმა უკანონოდ აღიარა, როგორც "საკუთარი", რაზეც პუტინმა განაცხადა, რომ რუსებსა და უკრაინელებს ერთ ხალხად მიიჩნევს.

"მე უკვე ბევრჯერ ვთქვი, მიმაჩნია, რომ რუსი და უკრაინელი ხალხები ერთი ერია რეალურად. ამ თვალსაზრისით, მთელი უკრაინა ჩვენია. სხვათა შორის, ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ უკრაინელი ხალხის უფლება დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე“, – განაცხადა პუტინმა.

Advertisement