Logo

სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

პოლიტიკა
39
Frontnews image description

სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო

ნება მომეცით, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და პირადად ჩემი სახელით, მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

ეს მნიშვნელოვანი დღე სიმბოლურად განასახიერებს ქართველი ხალხის სიმტკიცეს, შეუპოვრობას და თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარებისკენ სწრაფვას. ის უკვდავყოფს იმ ისტორიულ ძალისხმევას, რომელიც კანონის უზენაესობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის პრინციპებზე დაფუძნებული თანამედროვე სახელმწიფოს ასაშენებლად იქნა გაწეული.

ამ თარიღთან დაკავშირებით, მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო სლოვაკეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სლოვაკეთი დიდი ხანია საქართველოს გვერდით დგას, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოებისკენ სწრაფვაში და მხარს უჭერს საქართველოს ამბიციურ რეფორმებსა და პროევროპულ კურსს.

ამავდროულად, ბრატისლავაში თქვენს ბოლო ვიზიტთან დაკავშირებით, მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი გულწრფელი ინტერესი სლოვაკეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და განვითარებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორობას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, ხალხთაშორისი კონტაქტები და კულტურული თანამშრომლობა.

მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე დიალოგი და თანამშრომლობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას, არამედ უფრო ფართო რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობას.

ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს საქართველოს საკეთილდღეოდ თქვენი მიზნების მისაღწევად. საქართველოს ყველა მოქალაქეს კი ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უწყვეტ განვითარებას. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები