სოფელ ონჭეიშში საფლავებიდან მიცვალებულების გადასვენება მიმდინარეობს

ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭეიშში სასაფლაოდან მიცვალებულების გადასვენება მიმდინარეობს. ცნობილია, რომ ნამოხვანჰესის კასკადის მშენებლობის შედეგად, ტერიტორია წყლით დაიფარება, ამიტომ ადგილობრივები წინაპრების საფლავებს თხრიან და ნეშტებს სხვაგან ასვენებენ.
"დაიტბორება აქაურობა და რა უნდა ვუყოთ, ხომ ვერ დავტოვებთ უპატრონოდ მიცვალებულებს? როცა დაიწყეს ჰესის ასაშენებლად სიარული, გვითხრეს, რომ წყალი ავა იქ და საფლავები უნდა გადავიდესო. როგორც გვითხრეს, თვითონ კომპანია იხდის ამაში ფულს, ოღონდ თქვენ აირჩიეთ სად გინდათო.
ჩვენსავით გაჭირვებული სოფელი არ არის, ისე ვართ ახლა დანგრეული, ვერ მოდის აქ ხალხი, ერთი 5 მოსახლე ვართ დარჩენილი და ჩვენ რაღაზე დავრჩებით? – უნდა წავიდეთ. უპატრონოდ არ დავტოვებთ ჩვენს მიცვალებულებს, სადაც წავალთ, წავიყვანთ", – აცხადებენ ადგილობრივები.
მათივე ინფორმაციით, სოფელ ონჭეიშში ჰესის მშენებლობამდე 30-მდე კომლი ცხოვრობდა, თუმცა დატბორვის შიშით სოფელი ადგილობრივებმა დატოვეს და სხვაგან გადასახლდნენ.
მეორე მხრივ, ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების პროტესტი გრძელდება. არსებული ინფორმაციით, ნამოხვანჰესის მშენებლობის შედეგად, 3 სოფლის სასაფლაო და კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი დაიტბორება.
"თვითონაც გააცნობიერონ, რომ ჰყავთ წინაპრები, ექნებათ ალბათ, ახლობელი ადამიანების საფლავები და უბრალოდ წარმოიდგინონ რას ნიშნავს ეს ადამიანისთვის, რომ უნდა შეეხო მიწას, სადაც სამუდამო სამკვიდრებელი აქვთ შენს მიცვალებულებს"-აცხადებს ხეობის მცველი მაკა სულაძე.
რიონის ხეობაში პროტესტი 185 დღეა, გრძელდება. ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები 23 მაისს, მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.
თაგები:





