სოფო ჯაფარიძე – ხვალიდან ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას, ჩამოვალ ქვეყნის ყველა კუთხეში, მიხეილ სააკაშვილის სახელით მოგისმენთ ყველას

ავტორი
Front News საქართველო
ხვალიდან ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას, ჩავალ მთელი ქვეყნის მასშტაბით ქვეყნის ყველა კუთხეში, მიხეილ სააკაშვილის სახელით მოვუსმენ ყველას, მოვისმენ თითოეულის პრობლემას და მოსაზრებას ურთულესი პოლიტიკური პროცესების მართვის კუთხით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა.
“მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეულ მხარდამჭერს, მიხეილ სააკაშვილის ერთგულ თანამებრძოლებს, რომლებიც წლებია, უკომპრომისოდ იბრძვიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვეობაში და ქვეყნის ეროვნული ღირსების საკითხია ამ ტყვეობის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება. ამიტომ, ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა, ერთად სათანადოდ მომზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილმა აქ ჩამოსვლითა და თავგანწირვით გვაჩვენა პატრიოტიზმის უმაღლესი სტანდარტი. იმის მიუხედავად, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია, აგრძელებს ბრძოლას სამშობლოს გადარჩენისთვის. მისი საბრძოლო განწყობა არის უმაღლესი და აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს ქვეყნის თავისუფლებისა და სამშობლოს გადარჩენისთვის.
ხვალიდან ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას, ჩამოვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით ქვეყნის ყველა კუთხეში, მიხეილ სააკაშვილის სახელით მოგისმენთ ყველას, მოვუსმენ ყველას, მოვისმენ თითოეული თქვენგანის პრობლემას, მოსაზრებას ამ ურთულესი პოლიტიკური პროცესების მართვის კუთხით. თქვენ აუცილებლად უნდა გახდეთ მონაწილეები ამ ძალიან რთული პროცესის, არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ პროცესის შემქმნელები, რათა მალე ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება. გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.
მიხეილ სააკაშვილი მზად არის, მოგისმინოთ ყველას, მოისმინოს ყველას მოსაზრება. არა მხოლოდ მზად არის, არამედ მისი ძალიან დიდი სურვილია, რომ თქვენთან ერთად შექმნას ეს პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ძალიან მალე გამარჯვებამდე მიგვიყვანს. გამარჯვება არის გარდაუვალი. პირობას გაძლევთ, თითოეული თქვენგანის წერილობითი მოსაზრება მივა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილამდე და ჩვენ, ყველა ერთად შევქმნით გამარჯვების ძალიან დიდ ფორმულას, რომელიც ძალიან მალე მიგვიყვანს გამარჯვებამდე.
დიახ, თუნდაც დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყება. ეს ნიშნავს გამარჯვების კამპანიის დაწყებას. ვიწყებ მსვლელობას მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩავალ ყველგან, შევხვდებით ყველას, მოგისმენთ ყველას. ჩვენი მოქალაქეები წერილს მიწერენ მიხეილ სააკაშვილს და არა მხოლოდ წერილობით, სიტყვიერადაც გადასცემენ. თითოეული მათი მოსაზრება იქნება მისული მიხეილ სააკაშვილამდე. სიმბოლურად კამპანია დაიწყება ბათუმიდან, ქალაქიდან, რომელიც ააშენა სააკაშვილმა და აუცილებლად ერთად დავიწყებთ გამარჯვების უდიდეს კამპანიას.
დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტია თუ პიროვნება შემოუერთდება საბოლოოდ ამ ძალიან მნიშვნელოვან კამპანიას“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
თაგები:
სოფო ჯაფარიძე




