სტივ კოენი – ჩვენ არ გვექნება ურთიერთობა არალეგიტიმურ მთავრობასთან, ვფიქრობ, იქნება დამატებითი სანქციები

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ არ გვექნება ურთიერთობა არალეგიტიმურ მთავრობასთან, სანამ არ დამტკიცდება, რომ საქართველოში ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები, – ამის შესახებ კონგრესმენმა სტივ კოენმა “ამერიკის ხმასთან” განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების წევრების მიმართ იქნება დამატებითი სანქციები.
“ჰელსინკის კომისიის” წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით და ამისთვის საჭირო გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტს და უსამართლოს.
საჭიროა, რომ შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია.
მას ქართველი ხალხი დასავლეთისგან შორს მიჰყავს, იქიდან, სადაც ვფიქრობ მას სურს, რომ იყოს. მიჰყავს რუსეთთან უფრო ახლოს, სადაც თავად მისი გული და მისი ფულია. ესაა მისი მიმართულება. ეს სამწუხარო სიტუაციაა.
გვაქვს “მეგობარი აქტი”, პირველი აქტი, რომელიც ავალდებულებს სანქციების გადახედვას ყველა ქართველი ოფიციალური პირის მიმართ – “ოცნების გუნდის” მიმართ, რასაც მე “კოშმარულ გუნდს” ვუწოდებ – ოცნებას, რომელიც კოშმარად იქცა. ყველა, ვინც კორუფციაში ან საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაშია მხილებული, დასანქცირდება. ის ასევე ცდილობს დასახოს ის გზები, რომლითაც ქვეყანას შეუძლია ჩვენთან ურთიერთობას დაუბრუნდეს, იქნება ეს სავაჭრო პოლიტიკა თუ სხვა, მაგრამ ახლა, ძალიან რთულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ეფუძნება. და აი აქამდე მოვედით.
გვაქვს კიდევ ერთი აქტი, რომელიც ქართული რეჟიმის არაღიარებას გულისხმობს. იმ ფაქტის გამო, რომ არჩევნები არ იყო სათანადო და სამართლიანი. ეს მეორე აქტი ამერიკას უკრძალავს ივანიშვილის რეჟიმის აღიარებას, ის აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ეს საშინელი ვითარებაა.
ჩვენ არ გვექნება ურთიერთობა არალეგიტიმურ მთავრობასთან, სანამ არ დამტკიცდება, რომ საქართველოში ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები.
ვფიქრობ, იქნება დამატებითი სანქციები”, – განაცხადა სტივ კოენმა.
თაგები:
სტივ კოენი




