სტოლტენბერგი – ნატოს ყველა წევრი შეთანხმდა, რომ უკრაინა იქნება ალიანსის წევრი, მაგრამ ახლა ყურადღება გამახვილებულია გამარჯვების უზრუნველყოფაზე


ავტორი
Front News საქართველო
ნატოს ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, თუმცა ახლა აუცილებელია უკრაინელების გამარჯვების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რამშტაინის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
“ნატოს ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ უკრაინა იქნება ნატოს წევრი, მაგრამ ახლა ყურადღება გამახვილებულია უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაზე. სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე, აზრი არ აქვს ნატოში მისი წევრობის განხილვას”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ომები არაპროგნოზირებადია, ამიტომ ვერავინ იტყვის, როდის დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი.
”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უკრაინა მიაღწევს მნიშვნელოვან პროგრესს და დადგება სტაბილური მშვიდობა, მაგრამ დანამდვილებით ვერავინ იტყვის, ამიტომ უნდა მოვემზადოთ გრძელი გზისთვის, მაგრამ ომის დასრულების შემდეგაც კი, ჩვენ დაგვჭირდება უკრაინის მხარდაჭერა, რათა დავრწმუნდეთ, რომ მას აქვს ახალი თავდასხმების შეკავების ძალა და უნარი“, – შეაჯამა სტოლტენბერგმა.
კიევში ვიზიტის დროს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის ადგილი სამართლიანად არის ნატოში, ამიტომ ალიანსი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს შესაძლებელი გახდეს.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი