Logo

სტოლტენბერგი – რუსეთში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა პუტინმა უკრაინაში ომის დაწყებით

უკრაინა
230
Frontnews image description

შაბათ-კვირას რუსეთში გადატრიალებასთან დაკავშირებით  განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, თუ რამდენად დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა

 

“გასული შაბათ-კვირის მოვლენები არის რუსეთის შიდა საქმე და კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, თუ რა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა პრეზიდენტმა პუტინმა ყირიმის უკანონო ანექსიით და უკრაინის წინააღმდეგ ომით“, – განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ვილნიუსში ვიზიტის დროს.

 

მისივე თქმით, რამდენადაც რუსეთი აგრძელებს თავდასხმას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა.

 

23 ივნისს საღამოს “ვაგნერის” დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აპირებდა რუსეთში “უკანონობასთან გამკლავებას“, ამიტომ თავის დაქირავებულებთან ერთად “მოსკოვში მიდიოდა“. ისინი შევიდნენ როსტოვში, ვორონეჟში და მიაღწიეს ლიპეცკის ოლქსაც კი, მაგრამ ამით ყველაფერი დამთავრდა.

 

ამასობაში მოსკოვში ბრძოლებისთვის ემზადებოდნენ, გადაკეტეს გზები და ქუჩები შეიარაღებული უშიშროების ძალები გაიყვანეს. თავად პუტინი და რუსული ელიტა კი მოსკოვიდან გაიქცნენ.

 

ამბოხის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ იგი გაიყვანდა თავის მებრძოლებს, თავად კი ბელარუსში მიდიოდა.

 

სად იმყოფება ამ დროისთვის “ვაგნერის” დამფუძნებელი, უცნობია.

 

დაპირების მიუხედავად, რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა. 

Advertisement