Logo

სტუმრად ჩასულმა “სამგურალმა” “გარეჯი საგარეჯო” 4:1 დაამარცხა

სპორტი
153
Frontnews image description

28 ოქტომბერს გამართული ეროვნული ლიგის 30-ე ტურის შეხვედრა “გარეჯი საგარეჯოსა” და “სამგურალს” შორის წყალტუბოს “სამგურალის” გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

შეხვედრას საგარეჯოს ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა.

გუნდებმა მატჩის საწყისი წუთები ენერგიულად დაიწყეს, რამაც ერთმანეთში შეტევების აქტიური ცვლა გამოიწვია. თამაშის მე-8 წუთზე კი ანგარიშიც გაიხსნა.

პირველი გოლი წყალტუბოს “სამგურალის” შემადგენლობაში მყოფმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ჟან როდრიგესმა გაიტანა.

გოლის შემდეგ მოწინააღმდეგე გარეჯი გააქტიურდა, ჰქონდათ რამდენიმე მომენტიც. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მეტოქისთვის გოლი გაეტანათ და წონასწორობა აღედგინათ.

33-ე წუთზე “გარეჯი საგარეჯოს” ნახევარმცველმა თამაზ ცეცხლაძემ ეფექტური თავური დარტყმით გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

მიუხედავად მცდელობებისა და რამდენიმე მომენტისა პირველ ტაიმი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარი უფრო საინტერესო აღმოჩნდა, რადგან სასწორზე ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა იდო, გუნდები მეტი მონდომებით ცდილობდნენ მოწინააღმდეგის კარის აღებას.

86-ე წუთზე როდრიგესმა დუბლი გაიფორმა და “სამგურალი” დააწინაურა.

მატჩის დამატებით დროში სტუმრების თავდამსხმელმა ჯეფინიომ მასპინძლებს მესამე გოლიც გაუტანა.

დამატებითი დროის ბოლო წუთზე კი “სამგურალის” ნახევარმცველმა დემურ ჩიხლაძემ მოახერხა უპირატესობის სამ ბურთამდე გაზრდა და ანგარიში 4:1 გახდა.

30-ე ტურის შემდეგ “სამგურალი” მეხუთე, ხოლო “გარეჯი საგარეჯო” მერვე ადგილს იკავებს.

შემდეგ მატჩებს გუნდები 2 ნოემბერს გამართავენ. წყალტუბოს “სამგურალი” 20:00 საათზე “გაგრას” უმასპინძლებს. ხოლო “გარეჯი საგარეჯო” “კოლხეთი 1913”- ს 14:00 საათზე ესტუმრება.

Advertisement