სულხან სალაძე – თბილისის მერს რაც სურს, იმის გაშუქებას რომ დაიწყებს კრიტიკული მედია, მაშინ შეიძლება საერთოდ აღარ მივადევნოთ მას თვალი

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერს რაც სურს, იმის გაშუქებას რომ დაიწყებს კრიტიკული მედია, მაშინ შეიძლება საერთოდ აღარ მივადევნოთ მას თვალი – ამის შესახებ Front News-ს საია-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, იურისტმა სულხან სალაძემ მედიის მიმართ სხვადასხვა ფორმით გახშირებული თავდასხმების კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მთავარ სამიზნეს დღეს მედია წარმოადგენს, რადგან ყველაზე დიდ დისკომფორტს მას სწორედ მედია უქმნის.
“ყველაზე დიდი დისკომფორტი და წინააღმდეგობა, რაც ხელისუფლებას დღეს ხვდება არის კრიტიკული მედია. მედიისათვის ლაგამის შეიძლება იყოს დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის. ამით შეიძლება აიხსნას ის ფინანსური წნეხი, არაგონივრულად დიდი ჯარიმების გამოყენება, ან სხვა ისეთი ინიციატივები, რომელმაც შეიძლება მედიას შემოსავლები მოაკლოს, ამასთან, არაერთი მედიამენეჯრის თუ დამფუძნებლის, ან მათთან კავშირში მყოფ პირებზე მიმდინარეობს გამოძიება ან სასამართლო პროცესები. ამავე კონტექსტშია ჟურნალისტების ნაწილის დაშვება კონფერენციებსა თუ ბრიფინგებზე, ეს არაფერში ეწერება საერთოდ, თუმცა აჩვენებს, რამდენად შორს შეუძლიათ, წავიდნენ. ისევე როგორც ეს განცხადება, რომ თურმე მედია იმას არ აშუქებს, რაც თბილისის მერს სურს. თბილისის მერს რაც სურს, იმის გაშუქებას რომ დაიწყებს კრიტიკული მედია, მაშინ შეიძლება საერთოდ აღარ მივადევნოთ მას თვალი. ისედაც ბევრი მედია გამოცემაა დღეს, რომელიც ზუსდად იმას აკეთებს, რაც დღეს ბატონმა კალაძემ მოითხოვა”, – განაცხადა სალაძემ.
მისივე თქმით, “ქართული ოცცნებისაგან” მედიის მეთოკვის მიზნით კიდევ უფრო “ინიციატივებს” შეიძლება ველოდოთ.
“რაც დრო გადის, ლოგიკურია, რომ “ოცნებაში” იზრდება ცდუნება შექმნას მექანიზმები მედიის უკეთ “დარეგულირებისათვის”, სინამდვილეში ესაა კონტროლი მედიაზე, რომელსაც უნდა ველოდოთ.
რადგანაც სამართლებრივი პროცესები უფრო ხანგრძლივი და ამასთან, უფრო საფრთხილო პროცესია. ხელისუფლებას, ალბათ, სჭირდება სხვა მექანიზმების შემოტანა. მოსალოდნელია, რომ მარეგულირებელი კომისიის მეშვეობით სახელმწიფო აქცენტს გააკეთებს არა თვითრეგულირების გაძლიერებაზე, არამედ რეგულირების სისტემის შემოტანაზე, რაც უკვე კონტენტში და შინაარსში ჩარევის იქნება”, – განაცხადა სალაძემ.
როგორც სალაძე აღნიშნავს, ჩვენი ტიპის სახელმწიფოებში განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ბრძოლა არ ნიშნავს მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლას.
“პოლიტიკური ძალები, ოპოზიცია დღეს თუ სუნთქავს და რაღაც გავლენა აქვს საზოგადოების აზრზე, ეს არის მედიის დამსახურება. განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ბრძოლა არ ნიშნავს მხოლოდ პოლიტიკური კონკურენტების განეიტრალებას, ჩვენი ტიპის სახელმწიფოებში ეს ნიშნავს მედიის წინააღმდეგ ბრძოლას”, – განაცხადა სალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე




