სულხან თამაზაშვილი რეგიონის მასშტაბით წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი რეგიონის მასშტაბით წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 150 სტუდენტს სტიპენდია გადაეცა.
სტუდენტებთან შეხვედრისას სულხან თამაზაშვილმა საგანმანათლებლო მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებსა და ხარისხიანი განათლების მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მომდევნო წლიდან გაიზრდება სტიპენდიატთა რაოდენობა, ასევე, გაორმაგდება ე.წ STEM-ის (ტექნიკური და საბუნებისმეტყველო) და ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიების თანხის ოდენობა.
"დღეს აქ იმყოფებით ახალგაზრდები, რომლებიც სწავლაში, შრომასა და მიზანდასახულობაში სამაგალითოები ხართ. სახელმწიფო სტიპენდია მხოლოდ ჯილდო არ არის, ეს არის თქვენი ცოდნის აღიარება და სტიმული კიდევ უფრო დიდი მიზნებისთვის. არაერთხელ აღმინიშნავს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საგანმანათლებლო სფეროს განვითარება და ისეთი პირობების შექმნა, სადაც თითოეულ თქვენგანს ექნება შესაძლებლობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღოს ხარისხიანი ცოდნა და განავითაროს პროფესიული უნარები. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სახელმწიფოს საგანმანათლებლო პოლიტიკა და ის მხარდამჭერი პროგრამები, რომელთაც ვახორციელებთ და მომავალშიც განვახორციელებთ. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი მონაწილე გახდება", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს სიტყვით მიმართა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა. მინისტრმა მომდევნო წელს დაგეგმილი სიახლეებისა და პროგრამების შესახებ ისაუბრა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი




