სუსი - კითხვაზე, რატომ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ საფრთხის შესახებ გაფრთხილებულია ქართული მხარე, იციკ მოშემ ეს ფაქტი საერთოდ უარყო

ავტორი
Front News საქართველო
გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია, რომელსაც, თავის მხრივ, ეს ინფორმაცია მიაწოდა ქნესეთის ეთიკის კომისიის რომელიღაც წარმომადგენელმა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
მისივე ცნობით, ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო იციკ მოშემ ვერ დაასახელა.
"კითხვაზე იმის შესახებ, რატომ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ საფრთხის შესახებ გაფრთხილებულია ქართული მხარე, იციკ მოშემ ეს ფაქტი საერთოდ უარყო. მისი განმარტებით, ჟურნალისტებს უთხრა, რომ საფრთხე რეალური თუ იქნებოდა, ამის შესახებ აუცილებლად შეატყობინებდნენ ქართულ მხარეს.
კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ ასეთი აბსურდული, არასერიოზული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი და, ამავე დროს, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
იქამდე სუსმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქნესეთის რამდენიმე წევრმა ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
თაგები:
სუსი




