Logo

თამარ აკობია - არ ვაპირებდი ჩივილს, მაგრამ ისე მიდის ყველაფერი, ბოდიშს არ იხდიან, შეტევაზე გადმოდიან კიდევ აქეთ, ალბათ, დავაპირებ

Frontnews image description

10 წლის გოგონას დედა, რომელიც სიმღერის დროს შეუძლოდ გახდა, აცხადებს, რომ მომხდარის შემდეგ ბავშვს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება.

თამარ აკობიას თქმით, მისი შვილის დაცემის შემდეგ ადგილზე მყოფმა პასუხისმგებელმა პირებმა სათანადო რეაგირება არ მოახდინეს, ბოდიში არ მოუხდიათ და მომხდარის მნიშვნელობას დღემდე ვერ აცნობიერებენ.

მშობელი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე სამართლებრივ დავასაც დაიწყებს.

"თითები აქვს ნაღრძობი და ფიქსატორში გვაქვს ჩასმული, სხვა მხრივ კარგადაა. კარგად, რა, ფსიქოლოგიურ დახმარებას ვუწევთ. რა თქმა უნდა, სჭირდება, ნახა კიდეც, როგორ წაიქცა, რა ვითარებაში იყო და ეს ყველაფერი. ჩვეულებრივ ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა, წარმოიდგინეთ შეგრძნება, უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენს შვილს, როცა გადამწყვეტია წუთები და ყველასგან რომ სჭირდება დახმარება, ისეთ დროს არ ეხმარებიან.

რა თქმა უნდა, გავწყვიტე ურთიერთობა, მე მათ არ ვენდობი და საფრთხედ აღვიქვამ ამ ადამიანებს. საშიშები არიან მარტო ჩემი შვილისთვის კი არა, მოზარდებისთვის, ვინც მანდ სწავლობენ. მათ მარტო ჩემს შვილს კი არ მიაყენეს ზიანი, მიაყენეს იმ ბავშვებს იქ ვინც არიან, აიძულეს ისეთ მდგომარეობაში ემღერათ ბავშვებს, წაქცეულ მეგობარზე ზედ. და იქ მყოფი ბავშვების ზოგიერთი მშობელი ამას ვერ აცნობიერებს, ანუ პრობლემას ვერ ხედავს რაშია, პრობლემას ხედავენ ჩემში. პრობლემას ხედავენ ვიდეოს გავრცელებაში. არადა, სინამდვილეში, იქ ბავშვები რამ დააზიანა? დააზიანა უფროსების, მასწავლებლების, ხელმძღვანელების უმოქმედობამ.

არ ვაპირებდი (ჩივილს), მაგრამ ისე მიდის ყველაფერი, ბოდიშს არ იხდიან, იმდენად ვერ აცნობიერებენ, შეტევაზე გადმოდიან კიდევ აქეთ, ალბათ დავაპირებ. ესე იგი, იმის მაგივრად, რომ ექიმი გამოეძახათ, ეს უფერული ბავშვი დასვეს ისევ იმისთვის, რომ თავიანთი დანაშაული დაეფარათ, რომ "ბავშვი კარგადაა, აი, ფოტოებს ვიღებთ" და მშვენივრად არის ყველაფერი, ექიმი არ გამოიძახეს", - აცხადებს თამარ აკობია "ტვ პირველთან".

ინციდენტი 9 ივნისს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დღის გადაცემაში მოხდა, როცა "პირველ არხზე" "სიმღერის აკადემიის" წევრები იყვნენ მიწვეულები. 10 წლის გოგონა დაეცა, მის დასახმარებლად კი რეაგირება რამდენიმე წუთის განმავლობაში არავის მოუხდენია.

ერთ-ერთი ბავშვის მშობლის მიერ გადაღებული უწყვეტი კადრიდან ჩანს, რომ ბავშვის დაცემის შემდეგ, ნომერი ჩვეულებრივ გაგრძელდა და მოზარდი მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში იატაკზე იწვა.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პირველმა არხმა, სადაც წერდა, რომ არხის ვერცერთმა თანამშრომელმა ვერ დაინახა, როგორ დაეცა 10 წლის ბავშვი პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას.

“სიმღერის აკადემია” კი აცხადებს, რომ "პირდაპირი ეთერის დროს, სცენის განათების, ხმამაღალი მუსიკისა და დინამიკის გამო, ხელმძღვანელების მხრიდან უშუალოდ წაქცევის მომენტის დანახვა ვერ მოხდა".

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები