Logo

თამარ კეკენაძე - ეს არის ჩვენი ქვეყნის სოციალური ტრაგედია და სახელმწიფოს უმოქმედობის პირდაპირი შედეგი

პოლიტიკა
292
Frontnews image description

გუშინ, თვალჭრელიძის 1-ში, 120 ოჯახის ძალადობრივი გამოსახლება და მრავალშვილიანი ოჯახების 40-გრადუსიან სიცხეში ქუჩაში გამოყრა არის ჩვენი ქვეყნის სოციალური ტრაგედია და სახელმწიფოს უმოქმედობის პირდაპირი შედეგი, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა თამარ კეკენაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ  სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი მოეძებნა თითოეული ოჯახისათვის.

"გუშინ თვალჭრელიძის 1-ში 120 ოჯახი ძალადობრივად გამოასახლეს და მრავალშვილიანი ოჯახები 40-გრადუსიან სიცხეში ქუჩაში გამოყარეს. ეს არის ჩვენი ქვეყნის სოციალური ტრაგედია და სახელმწიფოს უმოქმედობის პირდაპირი შედეგი.

სამი თვეა, ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ და ჩვენი გუნდი ვმუშაობთ ამ საკითხზე – არაერთხელ წერილობით მივმართეთ მერიას, ჩავატარეთ შეხვედრები მოსახლეობასთან, ვცადეთ მოლაპარაკება მეპატრონესთან. თუმცა, მერია არ ჩაერთო მედიაციაში, არც დიალოგში, არც გამოსავლის ძიებაში.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას როგორც კერძო მფლობელის უფლება, ისე – სოციალურად დაუცველი მოქალაქის ღირსება და ელემენტარული უსაფრთხოება.

ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ, რომ ქართული ოცნება, რომელიც ვერ და არ იცავს საკუთარ ხალხს, ვერ დაიცავს ვერც სახელმწიფო ინტერესებს. "ოცნებას" აღარ აქვს რესურსი ხალხთან ლაპარაკის, მხოლოდ ძალადობრივად ურთიერთობს საკუთარ ხალხთან.

სახელმწიფოს ვალდებულება იყო ღირსეული, სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი მოეძებნა თითოეული ოჯახისათვის.

რადგან სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს, ჩვენი გუნდი გავაგრძელებთ მუშაობას, სანამ თითოეული ოჯახისთვის არ იქნება უზრუნველყოფილი ღირსეული საცხოვრებელი და სტაბილური მომავალი", - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

Advertisement