თავდასხმა ენმ-ის ოფისზე - "დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება"!

ავტორი
Front News საქართველო
"დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება" - ამ ლოზუნგით "ქართული ოცნების" აქტივისტებმა გუშინ 29 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, ქალაქ ქუთაისში საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ენმ ის პარტიის ოფისს კვერცხები, ცოცხები და საღებავები ესროლეს. "ქართული ოცნების" აქტივისტები შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, ბოლოს კი ენმ-ის ოფისის კარებზე ბოქლომი ჩამოკიდეს.
"ბრბო 21-ე საუკუნეში" - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკანორ მელია გუშინ ქუთაისში მომხდარ დაპირისპირებას. "ახალი ამ ამბავში არც თავდასხმაა, არც ხელისუფლების ისტერიკა, არც კვერცხების სროლა, არც პატრიოტებზე ძალადობა. ყველაზე ამორალური ისაა, რომ თავდასხმაში ღიად იყვნენ ჩართული საჯარო მოხელეები. ტიტუშკებს სათავეში ყოფილი ვიცე-გუბერნატორი ედგა, ძალადობის შემსრულებლები კი იყვნენ საკრებულოს წევრები, მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე; ყოფილი ვიცე-მერი; კეთილმოწყობის, ტრანსპორტის სამსახურების უფროსი, დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილე; ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე; კიდევ ბევრს გაბედავენ, ესენი ჩვენ თუ არ შევაჩერეთ. მათ აქვთ სრული დაუსჯელობის განცდა. რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის შენობის წინ, ე.წ. "კვალიფიციურმა და გაწვრთნილმა“ პოლიციელებმა ჩვენი ახალგაზრდა აქტივისტი ზაზა ხოფერია, იმიტომ სცემეს, იმიტომ რომ "გაურკვეველ ნიღბებს" არიგებდაო. მათ ისიც არ ესმით, რომ ეს ნიღბები ანტიოკუპაციის სიმბოლო იყო. მათ არც ის ესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ოკუპაციის ყოველდღიურ პროტესტს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისათვის. ეს პოლიციელები არავის დაუსჯია, მაგრამ იცოდეთ, ყველას იდენტიფიცირებას მოვახდენთ და აუცილებლად დაისჯებით“- განაცხადა დღეს "ტვ პირველებთან" საუბრისას ნიკანორ მელიამ.
მოგვიანებით ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს დაუსახელა თავდასხმაში მონაწილე „ქართული ოცნების“ შტაბის წევრების სახელები და გვარები: მათ შორის იყვნენ საკრებულოს თანამშრომლები - ნანა კოსტავა, კახა ბოჭორიშვილი, იმედა საღინაძე და გიორგი ჭეიშვილი, ასევე პოლიციის მაღალჩინოსანი ვასილ ჭეიშვილი. შეგახსენებთ, რომ ნაცემი არიან ენმ-ის ადგილობრივი წევრები, მათ შორის ლიდერი თემურ ცამციშვილი.
თბილისის მერი კახა კალაძე ქუთაისში ოცნების აქტივისტების მიერ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმას გამოეხმაურა და თქვა, რომ დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგია, თუმცა ძალადობა ნაწილობრივ გაამართლა. კალაძის თქმით, მთავრობის მხარდამჭერებს არც პარლამენტის ბლოკირება "სიამოვნებთ" - ასე რომ, ოპოზიციამ ესეც უნდა გაითვალისწინოს.
თაგები:
თავდასხმა




