თავდაცვის სამინისტროში კიბერუსაფრთხოების დღე აღინიშნა

ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის სამინისტრო 6 თებერვალს კიბერუსაფრთხოების დღეს აღნიშნავს. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს "არმიჰოლში“ გაიმართა.
თანამშრომლებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.
ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლისას, მზარდი კიბერსაფრთხეების და უსაფრთხოების რთული გარემოს ფონზე, კიბერუსაფრთხოების სფეროს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის უწყების პრიორიტეტებს შორის, კიბერუსაფრთხოება განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და მისი კიდევ უფრო განვითარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. მან ყურადღება გაამახვილა უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების, ადამიანური და ფინანსური რესურსების გაზრდის საჭიროებაზე.
შეხვედრაზე სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და სტუმრებს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრს, თავდაცვის ძალების მეთაურსა და მინისტრის მოადგილეს კიბერუსაფრთხოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო საჩუქრები გადაეცათ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო 2014 წლის 6 თებერვალს შეიქმნა. კიბერუსაფრთხოების როლის, კიბერთავდაცვის სისტემის განმტკიცება საქართველოს თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
თაგები:
კიბერუსაფრთხოების დღე




