თბილისში ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 3 პირი: 1987 წელს დაბადებული დ.ო., 1998 წელს დაბადებული დ.მ. და წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1992 წელს დაბადებული კ.მ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ფიზიკური დაზიანება მიაყენეს 2 პირს: ა.ბ.-ს და დ.ფ.-ს. განხორციელებული ძალადობის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე სამივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





