Logo

თეა წულუკიანი - თუ მართლმსაჯულება არ აღსრულდა სადღაც როგორც უნდა აღსრულებულიყო, მოდით, ერთად გავაკეთოთ ის, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს

პოლიტიკა
7 საათის წინ / 13:42
76
Frontnews image description

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით გიორგი ხოჭავა გამოკითხა.

გიორგი ხოჭავას განცხადებით, 2010 წელს, როდესაც ის 19 წლის იყო, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ დააკავა და აიძულებდა  ქურდობა ეღიარებინა, რომელიც მას არ ჩაუდენია.

როგორც მან აღნიშნა, დაკავების შემდეგ, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით: მას სცემდნენ, რა დროსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს მაღალჩინოსანმა კოხტა კოდუამ  ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი ჩაუდო, ასევე აწამებდნენ, მათ შორის, ელექტროშოკის გამოყენებით,  არ აძლევდნენ წყალს და საკვებს, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების მოკვლით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს კი, მის დედას და მეზობელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გიორგი ხოჭავას განცხადებით, ზუგდიდის ციხეში მის მიმართ ფიზიკური ძალადობა და წამება  გაგრძელდა, რა დროსაც მიღებული დაზიანებების  მკურნალობის საშუალება გარკვეული პერიოდი არ ეძლეოდა.

მისივე თქმით, ზუგდიდის ციხეში ის  ტუბერკულოზით დაავადდა და მხოლოდ 11 თვის შემდეგ მოხდა მისი ქსანში, ტუბზონაში გადაყვანა, რა დროსაც ის მხოლოდ 38 კგ-ს იწონიდა.

გიორგი ხოჭავამ, ასევე, ისაუბრა ტუბზონაში მისი ცემისა და არაადამიანური მოპყრობის მრავალრიცხოვან ფაქტებზე.

როგორც მან აღნიშნა,  ხელისუფლების შეცვლის შემდეგ,  2013 წელს,  იგი ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.

"ვისი გვარებიც და სახელებიც იცით და გინდათ, რომ კომისიას მიაწოდოთ, ჩვენ ღია ვართ ამისთვის. ეს შეიძლება წერილობით ან  დახურული ფორმით გაკეთდეს, ამის პრობლემა არ არის. მოგვაწოდეთ ეს გვარები და სახელები და კანონს დავუტოვოთ თავისი სათქმელი. თუ მართლმსაჯულება არ აღსრულდა სადღაც როგორც უნდა აღსრულებულიყო, მოდით, ერთად გავაკეთოთ ის, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და ჩვენ გავაგრძელოთ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა“, - ამ სიტყვებით მიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა გიორგი ხოჭავას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები