თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ აგვისტოს ომის გმირის ვალერი გოგნაძის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ავტორი
Front News საქართველო
6 მარტი აგვისტოს ომის გმირის ვალერი გოგნაძის დაბადების დღეა.
გმირის დაბადების დღესთან დაკავშირებით, სოფელ ღვანკითში არსებული მემორიალი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ სოსო ჩაფიჩაძემ ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
მამა ანდრიამ გარდაცვლილი გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, ვალერი გოგნაძის მშობლიური სკოლის მეოთხე და მეცხრე კლასელებმა კი ლიტერატურული კომპოზიცია შეასრულეს.
"2008 წელი უმძიმესი წელი იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში, თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან ხუთმა გმირმა შესწირა თავი აგვისტოს ომს, ხუთი ოჯახი შეიმოსა ძაძებით. მთლიანად მუნიციპალიტეტი, სოფელი, სასკოლო საზოგადოება ვალდებულია პატივი მივაგოთ გმირის ხსოვნას და გვქონდეს მაგალითად ვალერი გოგნაძის გმირობა, მისი მაგალითზე უნდა იცოდეს ახალგაზრდა თაობამ, სად უნდა იდგეს ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე", - განაცხადა მანუჩარ რობაქიძემ.
ვალერი გოგნაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად ღონისძიება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა მოაწყო. აღნიშნულ ღონისძიებას მერის მოადგილეები: ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი და მოქალაქეები დაესწრნენ.
ვალერი გოგნაძე 1978 წლის 6 მარტს თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითში დაიბადა. უმცროსი სერჟანტი ვალერი გოგნაძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
დაიღუპა 2008 წლის 11 აგვისტოს. დაკრძალულია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
აგვისტოს ომის გმირის სახელის უკვდავსაყოფად სოფელ ღვანკითში არის მისი სახელობის სკვერი და ქუჩა.
თაგები:
თერჯოლა









