თამარ გაბუნია – შემთხვევები იმატებს და მაქსიმალური ძალისხმევა გვჭირდება, განსაკუთრებით ბავშვებში იკვეთება შემთხვევების ზრდის მატება


ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებამ და მობილობის გაზრდამ ინფექციის გავრცელება გამოიწვია.
მისი განმარტებით, გაზრდილია პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნა. ამიტომ, გაბუნია გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე საუბრობს.
“ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო, ბოლო პერიოდში, იყო პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნის გაზრდა. არც ერთი წინა ტალღის პერიოდში მსგავსი რამ არ მომხდარა და პედიატრიული საწოლები ყოველთვის დაუტვირთავი რჩებოდა, ბოლო პერიოდში კი მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებაც. ამ ეტაპისთვის მობილიზებულია 5 500 საწოლი და კვირის განმავლობაში დაემატება კიდევ საწოლების რაოდენობა იმგვარად, რომ ექვსი ათას საწოლამდე გაიზარდოს საწოლფონდი, რათა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების საჭიროება როცა იქნება, ამას ჰოსპიტალური სექტორი მომზადებული დახვდება.
საყურადღებოა, რომ შემთხვევები იმატებს და მაქსიმალური ძალისხმევა გვჭირდება. მთავარი გადაწყვეტა სწრაფი ვაქცინაციის პროგრამა და პირადი დაცვის საშუალებებია. ასევე, მიდის მუშაობა იმაზე, რომ რიგი არააუცილებელი გასართობი ღონისძიებები, მაგალითად ზაფხულის ბანაკები, ბავშვთა თავყრილობები, რაღაცნაირად შევზღუდოთ. განსაკუთრებით ბავშვებში იკვეთება შემთხვევების ზრდის მატება” – განაცხადა გაბუნიამ.
თაგები:
