თავდაცვის მინისტრმა საგურამოში სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საგურამოში კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრისა და ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 202-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროს, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე გაეცნო ბაზაზე დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.
სამხედრო ბაზაზე ლაზარეთს, სასადილოსა და გამშვებ პუნქტს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. დასრულებულია ყაზარმის რეაბილიტაციაც, სადაც შეიცვალა სახურავი, მოწესრიგდა სველი წერტილები და შენობა ახალი ინვენტარით აღიჭურვა.
ტერიტორიაზე ასევე, მოეწყო სპორტული დარბაზი. დაღუპული მებრძოლების პატივსაცემად კი, სამხედრო ნაწილში გმირთა მემორიალი დაიდგა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში საგურამოს ბაზის ტერიტორიაზე დამონტაჟდა ახალი საინჟინრო, საკომუნიკაციო, წყალმომარაგების, ბუნებრივი აირის და ელექტროობის სისტემები. აშენდა სამი საქვაბე, რომელიც შესაბამისი დანადგარებით აღიჭურვა. მოეწყო ეზოს განათებაც. ამჟამად, საგურამოს ბაზაზე მიმდინარეობს შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები და სარეკრეაციო ზონის მოწყობა.
ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით დისლოცირებული სამხედრო ქვედანაყოფების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს