Logo

თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავეს

სამართალი
1210
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტაქსის მძღოლი – 1993 წელს დაბადებული ა.ბ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. 

 

დანაშაული თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, უცხო ქვეყნების ორ მოქალაქესთან დ.ს.- თან და ს.ტ.-სთან ტაქსით მომსახურების საფასურთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდა. რის შემდეგაც, ა.ბ.-მ მგზავრები მათთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და უთხრა, რომ ჩაკეტილი ავტომობილიდან მხოლოდ 500 ლარის გადახდის შემდეგ გაუშვებდა. ა.ბ.- მ მგზავრებს ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მათ მომხდარზე ახლობლებთან სატელეფონო ზარის განხორციელება სცადეს. 

 

სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტაქსის მძღოლი ცხელ კვალზე დააკავეს.

 

ორი პირის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Advertisement