Logo

The Telegraph - ტრამპი მზადაა, უკრაინის ოკუპირებული რეგიონები რუსეთის ტერიტორიად აღიაროს

უკრაინა
248
Frontnews image description

შეერთებული შტატები მზადაა აღიაროს რუსეთის კონტროლი ყირიმსა და უკრაინის სხვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, - ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტრამპმა თავისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მისი სიძე ჯარედ კუშნერი ვლადიმერ პუტინისთვის პირდაპირი შეთავაზების გასაკეთებლად გაგზავნა.

The Telegraph წერს, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლის აღიარების გეგმა, უკრაინის ევროპელი პარტნიორების შეშფოთების მიუხედავად სავარაუდოდ, განხორციელდება.

"სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ამერიკელებს ევროპის პოზიცია არ აინტერესებთ. ისინი ამბობენ, რომ ევროპელებს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.

27 ნოემბერს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების რუსეთის ტერიტორიებად "იურიდიული აღიარება“ აშშ-ის სამშვიდობო გეგმის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისა და რუსეთისთვის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მოამზადა.

დასავლურ მედიაში გამოქვეყნებული გეგმის შინაარსის თანახმად, ვაშინგტონი ყირიმის, ასევე ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებად "დე ფაქტო" აღიარებას გეგმავს. ეს წინადადება ასევე მოიცავდა ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების იმ ნაწილებს, რომლებიც რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

სამშვიდობო გეგმაში ცვლილებები შევიდა ჟენევაში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციებს შორის შეხვედრის დროს. ზოგიერთი პუნქტი ამოღებულია. უკრაინას სურდა შეერთებულ შტატებთან ყველაზე მგრძნობიარე საკითხების ლიდერების დონეზე განხილვა, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის შეხვდება პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

Advertisement