თიბისი ბანკმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 75 მილიონი დოლარის დამატებითი პირველადი კაპიტალის ევროობლიგაციები განათავსა


ავტორი
Front News საქართველო
თიბისი ბანკმა, თიბისი კაპიტალისა და სხვა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების დახმარებით, ირლანდიის საფონდო ბირჟაზე – Euronext Dublin, 75 მილიონი დოლარის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) ევროობლიგაციები განათავსა. 2019 წლის შემდეგ ეს პირველი განთავსებაა საერთაშორისო ბირჟაზე ქართული საბანკო სექტორიდან, ასევე – დამატებითი პირველადი კაპიტალის პირველი ტრანზაქცია ფინანსური განვითარების კვალიფიკაციით.
აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების თანაწამყვანი აგენტები ისეთი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები იყვნენ, როგორებიც არიან: Citibank, JP Morgan, Barclays და Renaissance Capital.
გარიგებაში Baker & McKenzie და Dentons Georgia – თიბისი ბანკის, Latham & Watkins და BGI Advisory Services Georgia კი გაერთიანებული წამყვანი მენეჯერების იურიდიულ მრჩევლებს წარმოადგენდნენ.
აღნიშნული ტრანზაქცია თიბისი ბანკს, სავალუტო თვალსაზრისით, კაპიტალის სტრუქტურის ოპტიმიზაციაში და კაპიტალიზაციის დონის გაძლიერებაში ეხმარება. ასევე, ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ბანკის ბუნებრივ ჰეჯირებას უზრუნველყოფს.
შეთავაზებულ ობლიგაციებზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, ბანკებისგან და საბროკერო დილერებისგან დაფიქსირებული მოთხოვნა, 2.96-ჯერ აღემატებოდა მიწოდებას. ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი 8,9%-ით განისაზღვრა და „Fitch“-ის მიერ B- რეიტინგით შეფასდა.
“საერთაშორისო ინვესტორებისგან 75 მილიონი აშშ დოლარის დამატებითი კაპიტალის მოზიდვა და ევროობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისი ბანკისა და ქვეყნის მიმართ ნდობას, ასევე ინვესტორების დაინტერესებას ბანკის ხარისხიანი საკრედიტო ისტორიით. დამატებითი კაპიტალი და ევროობლიგაციები საშუალებას მოგვცემს, ბანკის სწრაფი და დინამიური ზრდა განვაგრძოთ და ამავე დროს, ხელი შევუწყოთ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის, ეკონომიკისა და ქართული ბიზნესების განვითარებას“, – აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
თიბისი კაპიტალისთვის წელს ეს ობლიგაციების რიგით მეექვსე განთავსებაა.
თაგები:
თიბისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს