თინა ხიდაშელი – ყოველთვის ბოლო წუთამდე უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მივიღოთ ასეთი სამიტებიდან

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ხელისუფლება არ გველაპარაკება იმის შესახებ, თუ რა ტიპის მოლოდინები შეიძლება არსებობდეს მადრიდის სამიტიდან, – ამის შესახებ Front News-ს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.
მისი თქმით, დაპირებაა, რომ მადრიდის სამიტზე საქართველო დახმარების განახლებულ პაკეტს მიიღებს, თუმცა, თავის მხრივ, ხელისუფლება ამ საკითხისადმი არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებს.
“არის დაპირება, რომ მადრიდის სამიტზე საქართველო მიიღებს დახმარების განახლებულ პაკეტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ბოლო წუთამდე უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მივიღოთ ასეთი სამიტებიდან.
სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება არ გველაპარაკება იმის შესახებ, რა ტიპის კომუნიკაცია აქვთ ნატოსთან, რა ტიპის მოლოდინები შეიძლება არსებობდეს მადრიდის სამიტიდან. ყველა ხელისუფლებისა და ყველა მინისტრის დროს სამიტების წინ აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა მედიასთან, საზოგადოებასთან, რომ ზუსტი ინფორმაცია ჰქონოდათ მოლოდინებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ამჯერად ეს არ ხდება.
თავდაცვის მინისტრის მოსმენა იყო პარლამენტში მადრიდის სამიტამდე ცოტა ხნით ადრე და მან ყველაფერზე ილაპარაკა, გარდა იმისა, თუ როგორია პოტიკური ხედვა, როგორ მივდივართ მადრიდის სამიტამდე და რა ხდება მას შემდეგ. ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა იყო ცოტა ხნის წინ და იმისგანაც ჩვენ ამ თემაზე არაფერი მოგვისმენია. ეს იმას ნიშნავს, რომ არ გვაქვს პოლიტიკური დღის წესრიგი ქვეყანაში თავდაცვის და უსაფრთოების მიმართებაში“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თაგები:
თინა ხიდაშელი




