Logo

თინა ხიდაშელი – როდესაც თავდაცვის მდივანი ჩამოდის, ეს ნიშნავს, რომ მზად არიან სრულფასოვანი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის

პოლიტიკა
18.10.2021 / 13:18
Frontnews image description

ეს არის შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი Front News-თან საუბრისას. 

 

ექსმინისტრის თქმით, როდესაც თავდაცვის მდივანი ჩამოდის, ეს ნიშნავს, რომ მზად არიან სრულფასოვანი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. 

 

“უკიდურესად სასარგებლო და მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ინტერესებში. დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება სათანადოდ გამოიყენებს ამ შანსს, ვგულისხმოთ, რომ იქნება წინადადებები და შეთავაზებები, რომელიც ასეთი დონის ვიზიტს შეეფერება. ამ დროისათვის უკვე დასრულებულია ქართულ-ამერიკული თავდაცვის პროგრამა, რომელსაც ჩემს დროს მოეწერა ხელი. ვიზიტი იმედისმომცემია, რომ ანალოგიური, ან კიდევ უფრო უკეთესი პროგრამა მივიღოთ ორმხრივი დახმარების ფარგლებში. ერთადერთი მიზეზი, თუ ჩვენ ვერ მივიღეთ იმდენად მნიშვნელოვანი პაკეტი, როგორც ეს 2015 წელს იყო, იქნება ის,  რომ  საქართველოს თავდაცვის უწყება არ შეთავაზებს ამას, რადგან, როდესაც თავდაცვის მდივანი ჩამოდის, ეს ნიშნავს, რომ მზად არიან სრულფასოვანი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის”, –  განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

 

მისივე განმარტებით, სასურველი შედეგის მიუღებლობის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება გახდეს. 

 

“ამის მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს ბევრი რამ – დაწყებული იქედან, რომ მოსკოვი არ გავაღიზიანოთ, ან ის,  რომ ფანტაზია აკლია ამ ხელისუფლებას და იმის აღქმა, თუ რა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები, მათ შორის ნატოსთან მიმართებაში –  მაგალითად, ბატონი ლევან იზორია თავდაცვის მინისტერიალებზე არ მიდიოდა საერთოდ, ამბობდა, რომ ფულს ზოგავდა… ბევრი რამ შეიძლება გახდეს ხელისშემშლელი, მაგრამ მე მაინც მინდა შევინარჩუნო იმედი,  რომ ეს ასე არ მოხდება.  ამ შემთხვევაში, ძალიან მეიმედება თავდაცვის უწყების სამხედრო ნაწილი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, თუ რამხელა შესაძლებლობაა თავდაცვის მდივნის აქ ყოფნა”, – განაცხადა ხიდაშელმა. 

 

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.   

 

დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები