თინა ხიდაშელი – შემოგვთავაზეს რეპრესიების კიდევ უფრო მძიმე ფორმა, რომლითაც ათეულობით ადამიანის უმძიმესი ბრალდებებით დაპატიმრების შესაძლებლობას ქმნიან


ავტორი
Front News საქართველო
პროკურატურის დღევანდელი განცხადება, კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია იმისა, თუ როგორ იყენებს ერთი პოლიტიკური პარტია მთლიან სამართალდამცავ სისტემას პოლიტიკური ბრძოლის იარაღად, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ნათლად მიანიშნებს დაშინებისა და შევიწროების ახალი ტალღის დაწყებაზე.
“დღეს საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება “საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე” სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების თაობაზე მორიგ გამოძიებად ჩაითვლებოდა, რომ არა “ქართული ოცნების” მხრიდან, ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ წარმოებული მიზანმიმართული, აღვირახსნილი კამპანია “ჩანერგილი ჯაშუშების” გამოსავლენად.
პროკურატურის დღევანდელი განცხადება, კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია იმისა, თუ როგორ იყენებს ერთი პოლიტიკური პარტია მთლიან სამართალდამცავ სისტემას პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და ეს ნათლად მიანიშნებს დაშინებისა და შევიწროების ახალი ტალღის დაწყებაზე. „ქართული ოცნება“ აცნობიერებს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემა, წამება, პატიმრობა არ არის საკმარისი საპროტესტო ტალღის შესაჩერებლად, ვერც ე.წ. პარლამენტის მიერ ყოველდღიურად ახალ-ახალი რეპრესიული კანონების მიღება აჩერებს გაბრაზებულ ადამიანებს.
სწორედ ამიტომ, შემოგვთავაზეს რეპრესიების კიდევ უფრო მძიმე ფორმა, რომლის საშუალებითაც ათეულობით ადამიანის უმძიმესი ბრალდებებით დაპატიმრების შესაძლებლობას ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამ აბსურდული ბრალდებების საფუძველი, დიქტატურის დამყარების პროცესში მყოფი რუსული ძალისგან არაფერია გამორიცხული, ვინაიდან სამშობლოს სიყვარულისთვის, რამდენიმე ათეული ჩვენი თანამებრძოლი უკვე იმყოფება საპატიმროებში.
პროკურატურის შეთითხნილი ბრალდებების არავის ეშინია! ყველა მსგავსი ქმედება, კიდევ უფრო მეტად ადასტურებს ჩვენი ბრძოლის არა მხოლოდ სამართლიანობას, არამედ, აუცილებლობას, რომ არ დავკარგოთ სამშობლო და გასული საუკუნის ოციანი წლების 25 თებერვლის ტრაგედია კიდევ ერთხელ, რომ არ დატრიალდეს საქართველოში”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
პროკურატურის ინფორმაციით, 8 თებერვალს გამოძიება დაიწყო საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების ხუთიდან ათ წლამდე და შვიდიდან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი – ამ საფრთხემ კიდევ ერთხელ უნდა დაგვაფიქროს, რამდენად საზიანოა “ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე

თინა ხიდაშელი – პაპუნას გზავნილის შემდეგ დებატები არ იქნება

თინა ხიდაშელი – მინდა ჩემი ვედრება გაგაგონოთ, რომ აიცრათ, ნუ გაწირავთ საკუთარ თავს ამ უმძიმესი ხვედრისთვის