Logo

თინა ბოკუჩავა - ჩვენი მიზანია, უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდეს მოქალაქეებს და აიკრძალოს მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლებისთვის

პოლიტიკა
43
Frontnews image description

“ჩვენი მიზანია, რომ უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდეს ქართველ მოქალაქეებს და აიკრძალოს მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლებისთვის. სწორედ ამაზე გვექნება დღესაც საუბარი”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრამდე განაცხადა.

“იცით, რომ ჩვენ სწორედ ამ კონკრეტული ინიციატივით ვიმყოფებოდით ვარშავის დედაქალაქში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შესახვედრად, შემდეგ ბრიუსელში, შემდეგ ბერლინში, რომ უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეებს და მოხდეს მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც რეჟიმთან არიან დაკავშირებული და თავად ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე. ეს არის პოლონეთის ინიციატივა, რომელიც ევროპარლამენტმა დაამტკიცა, ახლა ევროსაბჭოს დამტკიცებაღა არის საჭირო და ჩვენ ავიღეთ ინიციატივა, რომ სწორედ ამ შერჩევითი წესით მოხდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერება იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაისაჯონ, მაგრამ დაისაჯოს რეჟიმი და სწორედ ამაზე გვექნება დღეს საუბარი.

ევროპარლამენტარებმა უკვე ძალიან მკაცრი რეზოლუციები მიიღეს, სადაც საუბარია რეჟიმის არ აღიარებაზე და ასევე პრაქტიკულად ყოველ სესიაზე მიმართავენ ევროკომისიას, ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს და მე დარწმუნებული ვარ მათი ამგვარი ძალისხმევა და წნეხი გამოიღებს შედეგს, თუმცა, რა თქმა უნდა, აუცილებელია ჩვენც ვიმუშაოთ ჩვენი მხრიდან და სწორედ ამას ემსახურებოდა ის ბოლო დროინდელი ვიზიტებიც, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან განხორციელდა ევროპის დედაქალაქებში”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Advertisement