Logo

თინა ბოკუჩავა - დღეს კიდევ ერთხელ ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ ქვეყანას დაეპატრონა ყველაზე ანტიქართული, ანტიეროვნული, მოღალატე კრიმინალთა ბანდა

პოლიტიკა
294
Frontnews image description

ეს ღალატის კომისია სწორედ ვლადიმერ პუტინის დავალებით შეიქმნა და თეა წულუკიანის მამას როგორც გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ საბჭოთა დროს, დღეს თეა წულუკიანს სურდა, რომ გამოეტანა სასიკვდილო განაჩენი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ღალატის კომისიის მოღალატეობრივი დასკვნა.

"ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით უსამართლობის ბუდედ ქცეულ სასამართლოში, სადაც მოსამართლედ წოდებულმა პოლიტიკურმა მონამ თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობის განაჩენი გამოიტანა 8 ახალგაზრდა ადამიანის მიმართ, პოლიტიკური პატიმრების მიმართ და პარალელურად, საქართველოს პარლამენტის შენობას დაპატრონებული მოღალატე მანქურთები პირდაპირ ეთერში საქართველოს ღალატის ქრონიკას აყურებინებდნენ. ამ დროს თეა წულუკიანს განაჩენი გამოჰქონდა არა ერთი, ორი, ან სამი პირისთვის, ან რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ მეორე თაობის საბჭოთა ჯალათს თეა წულუკიანს განაჩენი გამოჰქონდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. საქართველო გამართლდა ჰააგაში, ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ისევე როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა და სტრასბურგის სასამართლოში და ეს გამამართლებელი განაჩენი ვერ აიტანა ვლადიმერ პუტინმა და სწორედ ვლადიმერ პუტინის დავალებით შეიქმნა ღალატის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი. დიახ, ეს ღალატის კომისია სწორედ ვლადიმერ პუტინის დავალებით შეიქმნა და თეა წულუკიანის მამას როგორც გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ საბჭოთა დროს, დღეს თეა წულუკიანს სურდა, რომ გამოეტანა სასიკვდილო განაჩენი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

დღეს კიდევ ერთხელ ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ ქვეყანას დაეპატრონა ყველაზე ანტიქართული, ყველაზე ანტიეროვნული, მოღალატე კრიმინალთა ბანდა, რომელიც პუტინის დავალებით ცდილობს, გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია, დააბრალოს ომი საქართველოს, საქართველოს ეროვნული გმირები ანტიგმირებად გამოაცხადოს და საბოლოოდ, ქვეყანა წაიყვანოს რუსეთის მთავარ ამოცანამდე - ეს არის ქართული სახელმწიფოს ტოტალური განადგურება, რუსეთში დამონება და ტერიტორიული დანაწევრება. ამ ღალატისთვის ემზადება სწორედ ივანიშვილის რუსული რეჟიმი და ეს ღალატის ქრონიკა ჩვენ ერთიანი ძალებით უნდა დავასრულოთ.

"ნაციონალური მოძრაობა" იდგა, დგას და იდგება ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე, როგორც 2008 წელს, როდესაც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა მტერს, დღესაც "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანას არ ჩააბარებს მტერს ამ მოღალატე რეჟიმის სახით, რასაც ივანიშვილის "რუს-ქოცური" რეჟიმი ჰქვია. ამიტომ, უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ძალებით, ჩვენი კონსოლიდაციით, ჩვენი პროტესტით, ჩვენი შეუგუებლობით უნდა დავასრულოთ ეს ღალატის ქრონიკა, რომელიც ჩვენ დღეს ღალატის კომისიის დასკვნის გამოცხადებისას საქართველოს პარლამენტის შენობაში ვიხილეთ, რომელიც უნდა იყოს ხალხის მიერ მინიჭებული ლეგიტიმაციის წყარო, ხოლო დღეს იქცა ღალატის ბასტიონად, საიდანაც ცდილობენ ქართული სახელმწიფოს დასამარებას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Advertisement