Logo

თინა ბოკუჩავა - მიუხედავად იმისა, რომ დამძიმებული ვართ ამ მოცემულობითა და შედეგით, მაინც ჩვენს გასაძლიერებლად უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი

პოლიტიკა
205
Frontnews image description

არცერთი მოსამართლედწოდებული პირი, რომლის ხელშიც ჩავარდება ნებისმიერი პოლიტიკური საქმე, დამოუკიდებელ, კეთილსინდისიერ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს იმიტომ, რომ ისინი ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას რეჟიმის მხრიდან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა პირად თავგანწირულობასთან ერთად მეტი ორგანიზებულობაა საჭირო.

"არცერთი მოსამართლედწოდებული პირი, რომლის ხელშიც ჩავარდება ნებისმიერი პოლიტიკური საქმე, დამოუკიდებელ, კეთილსინდისიერ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს იმიტომ, რომ ისინი ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას რეჟიმის მხრიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, როდესაც ქვეყანაში გვყავს რუსეთზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ერთ სულ მოსახლეზე. ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, ამ თვალსაზრისით პატრონსაც კი გადაასწრო და რეკორდი დაამყარა. ამიტომ, საერთოდ, რაიმე პოლიტიკური სივრცის ნიშან-წყალზე საუბარიც კი უკვე ზედმეტია, ამიტომაა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღარ მოუწოდებენ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობისკენ, რაღაც დემოკრატიული პროცესების გამოყენებისკენ იმიტომ, რომ აღარ არსებობს დემოკრატიული სივრცე ქვეყანაში. ერთადერთი სიცოცხლის ხაზი თავისუფალ მედიასთან ერთად, რომელიც დარჩა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ერს, საზოგადოებას, რომელსაც შეიძლება, რომ რაიმე მომავალი ჰქონდეს, ეს არის პროტესტი, ეს არის რუსთაველის გამზირი. 

ის, რომ პირად თავგანწირულობასთან ერთად მეტი ორგანიზებულობაა საჭირო და აუცილებელი, მე მგონი, ახლა მაინც ყველამ დავინახეთ და ვაღიარეთ, მიუხედავად იმისა, რომ დამძიმებული ვართ ამ მოცემულობითა და შედეგით, მაინც ჩვენს გასაძლიერებლად უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი. გულწრფელობის დროა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” ლიდერების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძისა და ლაშა ბერიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

Advertisement