ტყიბულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს


ავტორი
Front News საქართველო
ტყიბულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცი თავისუფალია. განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაში ბრალდებული პირი, ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს. ვერდიქტი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გამოცხადდა.
ბრალდებულის ინტერესებს "იურიდიული დახმარების სამსახურის" ქუთაისის ბიუროს ადვოკატი გელა სიორდია და ადვოკატი ნინო მეფარიშვილი იცავდნენ.
"საუბარია შარშან, აგვისტოს თვეში, ტყიბულში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებული იყო პიროვნება, რომელიც გუშინ, სრულად გაამართლეს წარდგენილ ბრალდებაში ნაფიცმა მსაჯულებმა. მას ბრალი ედებოდა განზრახ მკველობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში, რისთვისაც სასჯელის სახით თავისუფლების 7-დან 15 წლამდე აღკვეთა ემუქრებოდა. იმის გამო, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო ნაფიცი მსაჯულების დარწმუნება, რომ ნამდვილად ამ ადამიანს ჰქონდა ჩადენილი დანაშაული, იმის გამო, რომ საქმეზე არ იყო გამოძიება კვალიფიციურად, ობიექტურად, მიუკერძოებულად ჩატარებული, ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს გადაწყვეტილებმა, ცნეს ეს ადამიანი უდანაშაულოდ და გუშინვე გათავისუფლდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან", – განაცხადა გელა სიორდიამ.
26 თებერვალს ბრალდებულმა საპყრობილეში პროტესტის ნიშნად, თვითდაზიანებებიც მიიყენა. ის და მისი ოჯახი ამტკიცებდა, რომ დანაშაული, რომელსაც ჩაფიძეს (ბრალდებულს) ედავებოდნენ, რეალურად სხვისი ჩადენილია.
მკვლელობა, 2020 წლის 9 აგვისტოს, ტყიბულში, გამთენიისას მოხდა. საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
თაგები:
