Logo

ტრამპი - ჩვენ ის ვიპოვეთ! ამერიკელმა სამხედროებმა ჩაატარეს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია

მსოფლიო
343
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა ირანის თავზე ჩამოგდებული F-15E-ს ეკიპაჟის მეორე წევრი გადაარჩინეს. მისი თქმით, ოფიცერი დაჭრილი იპოვეს, მაგრამ ახლა კარგად არის.

"ჩვენ ის ვიპოვეთ! ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ამერიკელმა სამხედროებმა ჩაატარეს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამერიკის ისტორიაში, რათა გადაერჩინათ ჩვენი ერთ-ერთი ეკიპაჟის წევრი, რომელიც სხვათა შორის, გამორჩეული პოლკოვნიკია და მე უაღრესად მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ის ახლა უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, მისიაში ათობით თვითმფრინავი იყო ჩართული და "მის ადგილსამყოფელს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებდნენ მთავარსარდალი, თავდაცვის მდივანი, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე და მისი თანამებრძოლები".

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა წინა დღეს იმავე თვითმფრინავის ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი გადაარჩინეს, თუმცა მაშინ ეს არ გაამხილა, რათა მეორე ოპერაციას საფრთხე არ შეჰქმნოდა.

"ეს სამხედრო საქმეების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ორი ამერიკელი პილოტი ცალ-ცალკე გადაარჩინეს, მტრის ტერიტორიის სიღრმეში. ის ფაქტი, რომ ჩვენ მოვახერხეთ ორივე ამ ოპერაციის ჩატარება არც ერთი ამერიკელის დაკარგვის ან თუნდაც დაჭრის გარეშე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ მივაღწიეთ სრულ დომინირებას და საჰაერო უპირატესობას ირანის ცაზე", - განაცხადა ტრამპმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები