ტრამპი - ირანელებს საუბარი სურთ და მე ამას დავთანხმდი, მათ ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ახალ ხელმძღვანელობას მასთან საუბარი სურს. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ის ამას აპირებს.
"მათ საუბარი სურთ და მე დავთანხმდი საუბარს, ამიტომ მე ვესაუბრები მათ. მათ ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. მათ უნდა შეეთავაზებინათ ისეთი რამ, რაც ძალიან პრაქტიკული და ადვილი იქნებოდა უფრო ადრე გასაკეთებლად. ისინი ძალიან დიდხანს ელოდნენ“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში მოლაპარაკებებში მონაწილე ზოგიერთი ირანელი უკვე გარდაცვლილია.
"ამ ადამიანების უმეტესობა დაიღუპა. ზოგიერთი მათგანი, ვისთანაც მოლაპარაკებები გვქონდა, ასევე დაიღუპა, იმიტომ, რომ ეს დიდი დარტყმა იყო. მათ ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. შეეძლოთ გარიგების დადება...", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპს ასევე ჰკითხეს, მზად იქნება თუ არა ირანის დაბომბვის გაგრძელებისთვის სახალხო აჯანყების მხარდასაჭერად, თუ ეს მოხდება (ერთი დღით ადრე აშშ-ის ლიდერმა ირანელ ხალხს რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდა).
"მე უნდა შევაფასო სიტუაცია იმ მომენტში, როდესაც ეს მოხდება. ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა შეუძლებელია“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, წარმატებული აჯანყება გარდაუვალია.
"ეს მოხდება. თქვენ ხედავთ ამას და მე ვფიქრობ, რომ ეს მოხდება. ბევრი ადამიანი იქ, ლოს-ანჯელესში და ბევრ სხვა ადგილას, უაღრესად ბედნიერია“, - განაცხადა ტრამპმა.
28 თებერვალს, ისრაელმა, შეერთებულ შტატებთან ერთად, ირანზე დარტყმები დაიწყო.
ღამით თეირანმა ოფიციალურად აღიარა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი მის რეზიდენციაზე დარტყმების შედეგად. სხვა ოფიციალური პირებიც დაიღუპნენ. თეირანმა უკვე დანიშნა დროებითი უზენაესი ლიდერი.
ამ თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა გამოაცხადა უპრეცედენტო სამხედრო პასუხის დაწყების შესახებ, ტრამპი თავის მხრივ, ირანს დაემუქრა ძლიერი დარტყმით შემდგომი ესკალაციისა და ახალი თავდასხმების შემთხვევაში.
საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, თუმცა რესპუბლიკელი სენატორის ტომ კოტონის თქმით, აშშ-ს არ აქვს ირანში სახმელეთო ოპერაციის ჩატარების გეგმა. გეგმა მხოლოდ საჰაერო და საზღვაო დარტყმების გაგრძელებას გულისხმობს.





