Logo

ტრამპი - სამხედრო ოპერაცია ირანში არ შეჩერდება, ვიდრე ყველა დასახული მიზანი მიღწეული არ იქნება

მსოფლიო
195
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ირანში სრული ძალით გრძელდება და არ შეჩერდება, ვიდრე ყველა დასახული მიზანი მიღწეული არ იქნება.

"ბოლო 46 საათის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა წამოიწყეს ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, რთული და გამანადგურებელი სამხედრო შეტევა, რომელიც მსოფლიოს ოდესმე უნახავს. საბრძოლო ოპერაციები ამ დროისთვის სრული ძალით გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული. ჩვენ ძალიან ძლიერი მიზნები გვაქვს“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა სამხედრო ოპერაციისას დაღუპული სამი ამერიკელი სამხედრო ნამდვილ ამერიკელ პატრიოტებად მოიხსენია და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მსხვერპლი კიდევ იქნება. მისივე თქმით, ამერიკა შურს იძიებს დაღუპულების გამო და ირანის რეჟიმს ყველაზე მძიმე დარტყმას მიაყენებს.

გარდა ამისა, ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა, ირანის სამხედროებმა და პოლიციამ იარაღი უნდა დაყარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილი ელით.

ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანელი ხალხი ქუჩებში სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილს ზეიმობდა და ირანის სამხედრო სარდლობა სრულად განადგურებულია.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე, განაცხადა, რომ მას ირანის შემდეგი ლიდერის თანამდებობაზე სამი კანდიდატი ჰყავს.

"მე სამი ძალიან კარგი კანდიდატი მყავს. ახლა მათ არ გავამხელ. ჯერ საქმე დავასრულოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

28 თებერვალს, ისრაელმა, შეერთებულ შტატებთან ერთად, ირანზე ახალი თავდასხმა დაიწყო. ეს გადაწყვეტილება ბირთვული შეთანხმების შესახებ ბოლოდროინდელმა მოლაპარაკებებმა განაპირობა, რომლებიც წარუმატებლად დასრულდა.

ღამით თეირანმა ოფიციალურად აღიარა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი მის რეზიდენციაზე დარტყმების შედეგად. სხვა ოფიციალური პირებიც დაიღუპნენ. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტი იყო პირველი, ვინც დამაჯერებლად განაცხადა, რომ ხამენეი მოკლეს.

ამ თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა გამოაცხადა უპრეცედენტო სამხედრო პასუხის დაწყების შესახებ, ტრამპი თავის მხრივ, ირანს დაემუქრა უპრეცედენტო დარტყმით შემდგომი ესკალაციისა და ახალი თავდასხმების შემთხვევაში. ამჟამად, ორ მხარეს შორის საომარი მოქმედებები გრძელდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები