ტრამპი - ხამენეი მკვდარია, ეს უდიდესი შანსია ირანელი ხალხისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა დაიბრუნონ

ავტორი
Front News საქართველო
აიათოლა ალი ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპის თქმით, ხამენეიმ "ვერ შეძლო აშშ-ის დაზვერვისა და მაღალტექნოლოგიური თვალთვალის სისტემებისგან თავის დაღწევა“ და რომ ოპერაცია ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.
მან ასევე განაცხადა, რომ ირანის ლიდერთან ერთად სხვა ლიდერებიც მოკლეს.
მისივე თქმით, ეს უდიდესი შანსია ირანელი ხალხისთვის, რომ ქვეყანა დაიბრუნონ.
„ეს სამართლიანობაა არა მხოლოდ ირანის ხალხისთვის, არამედ ყველა დიდებული ამერიკელისთვის, ასევე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანებისთვის, რომლებიც ხამენეიმ და მისმა სისხლისმსმელმა ბანდიტებმა მოკლეს ან დაასახიჩრეს. მას არ შეეძლო ჩვენი დაზვერვისა და მაღალტექნოლოგიური თვალთვალის სისტემების გვერდის ავლა, ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობით, მას ან მასთან ერთად დაღუპულ სხვა ლიდერებს არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ეს უდიდესი შანსია ირანელი ხალხისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა დაიბრუნონ.
ჩვენ გვესმის, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, სამხედრო, პოლიციის ძალების და სხვა უსაფრთხოების ბევრ წევრს ბრძოლა აღარ სურს და ჩვენგან იმუნიტეტს ელოდება. როგორც გუშინ ღამით განვაცხადე: „ახლა მათ შეუძლიათ, იმუნიტეტი ჰქონდეთ და მოგვიანებით კი მხოლოდ სიკვდილი ელოდებათ“. იმედია, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და პოლიცია ირანელ პატრიოტებთან მშვიდობიანად გაერთიანდება და ერთად იმუშავებენ, როგორც ერთიანი დანაყოფი, რათა ქვეყანა იმ დიდებულებას დაუბრუნდეს, რასაც იმსახურებს. ეს პროცესი მალე უნდა დაიწყოს, რადგან არა მხოლოდ ხამენეი მკვდარი, არამედ თავად ქვეყანა, სულ რაღაც ერთ დღეში, ძალიან განადგურდა, შეიძლება ითქვას, წაიშალა კიდეც.
ძლიერი და ზუსტი დაბომბვა გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში ან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად, მშვიდობის დამყარება მთელ ახლო აღმოსავლეთში და რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში“, – წერს ტრამპი.
28 თებერვალს, ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი დარტყმა განახორციელეს. თავდასხმა მოხდა თეირანთან ბირთვული შეთანხმების შესახებ კიდევ ერთი ჩაშლილი მოლაპარაკებების ფონზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მალევე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამერიკამ დაიწყო სამხედრო კამპანია ამჟამინდელი რეჟიმის მიერ წარმოქმნილი საფრთხეების აღმოსაფხვრელად. ტრამპის თქმით, ოპერაციის მთავარი მიზანი ამერიკელი ხალხისა და მოკავშირეების დაცვაა.





