Logo

ტრამპი - თუ პუტინი ზელენსკისთან შეხვედრას არ დათანხმდება, რუსეთი სერიოზულ შედეგებს მიიღებს

უკრაინა
249
Frontnews image description

თუ ვლადიმერ პუტინი არ დათანხმდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, რუსეთი სერიოზულ შედეგებს მიიღებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი ჯე მიონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"შესაძლოა, ამას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს. თუმცა, ვნახოთ, რა მოხდება. შედეგები შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს, რადგან ეს (ომი უკრაინაში) ისეთი რამაა, რაც უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ტრამპმა.

ამავდროულად, ამერიკის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას.

ვაშინგტონში გამართული სამიტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ორმხრივი შეხვედრის გამართვა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრა მხოლოდ ევროპის ნეიტრალურ ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს - მაგალითად, ავსტრიაში ან შვეიცარიაში. ის ასევე არ გამორიცხავს თურქეთში მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას.

ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პუტინი, სავარაუდოდ, მზადაა უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად "მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა საკითხი, რომელიც უმაღლეს დონეზე განხილვას მოითხოვს, კარგად იქნება შემუშავებული“.

რუსეთმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ჯერ არ არიან ახლოს უმაღლეს დონეზე სამიტის ჩატარებასთან. ზელენსკის და პუტინს შორის შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარეები დღის წესრიგზე შეთანხმდებიან.

ამასობაში, უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსები ყველაფერს აკეთებენ, რათა შეხვედრა არ ჩატარდეს.

Advertisement