Logo

ტრამპმა ბრაზილიას ტარიფები დაუწესა და ინდოეთისთვის "დამატებითი ჯარიმა" დააანონსა

მსოფლიო
247
Frontnews image description

ინდოეთი შეერთებულ შტატებს 25%-იან ტარიფებს გადაუხდის, ასევე "საჯარიმო" ტარიფებს BRICS-ის წევრობისა და რუსეთთან ვაჭრობისთვის. გარდა ამისა, ხელი მოეწერა ბრძანებულებას ბრაზილიისთვის 40%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ინდოეთთან დაკავშირებით, ტრამპმა განაცხადა, რომ დელისთვის ადრე გამოცხადებული 25%-იანი ტარიფების გარდა, ინდოეთს მოუწევს „დამატებითი ჯარიმის“ გადახდა რუსეთთან ვაჭრობისა და BRICS-ის ორგანიზაციის წევრობისთვის.

"ამჟამად ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ეს ასევე BRICS-ს უკავშირდება. მათ აქვთ BRICS - არსებითად, ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც შეერთებული შტატების წინააღმდეგ არიან. ინდოეთი კი ამ ჯგუფის წევრია. ეს არის დოლარზე თავდასხმა და ჩვენ არავის მივცემთ დოლარზე თავდასხმის უფლებას“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა დასძინა, რომ მოლაპარაკებების საბოლოო შედეგი ძალიან მალე გახდება ცნობილი - "ამ კვირის ბოლომდე“. მისი თქმით, ინდოეთს „ძალიან მაღალი ტარიფები“ აქვს, ამიტომ მალე გაირკვევა - ან ინდოეთი აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებას დებს, ან დელი ფაქტობრივად ყველაფერს იხდის.

"ვნახოთ, რა გამოვა აქედან. ამჟამად ინდოეთთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, გვაქვს თუ არა შეთანხმება თუ გარკვეულ გადასახადებს დავაწესებთ, მაგრამ ყველაფერი ამ კვირის ბოლომდე გეცოდინებათ“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, 30 ივლისს, ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ბრაზილიიდან შემოტანილ ყველა საქონელზე 1 აგვისტოდან დამატებით 40%-იანი ტარიფი დაწესდება. "სტანდარტულ“ 10%-იან გადასახადთან ერთად, მთლიანი ტარიფი 50%-ს შეადგენს.

თეთრი სახლის ცნობით, მიზეზი ბრაზილიის პოლიტიკა იყო. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ეთანხმება იმას, რასაც ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მიმართ აკეთებს. ეს უკანასკნელი ბრაზილიაში „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის“ იდევნება.

საინტერესოა, რომ ბრძანების ხელმოწერამდე ცოტა ხნით ადრე, ლულა და სილვამ ამერიკულ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრაზილია დაშინებას არ დაექვემდებარება, ბრაზილიის ეკონომიკისთვის ყველა რისკის მიუხედავად.

"ბრაზილია არცერთ მომენტში არ აწარმოებს მოლაპარაკებებს ისე, თითქოს პატარა ქვეყანა იყოს დიდი ქვეყნის წინააღმდეგ. ბრაზილია მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც სუვერენული ქვეყანა. ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკაში არცერთის ნება არ უნდა ჭარბობდეს. ჩვენ ყოველთვის გვჭირდება შუალედური პოზიციის პოვნა. ეს მიიღწევა არა მკერდის გამოწევით და იმაზე ყვირილით, რისი შესრულებაც არ შეგიძლია, არც თავის დახრით და უბრალოდ „ამინ“-ის თქმით ნებისმიერი რამისთვის, რაც შეერთებულ შტატებს სურს.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა ტრამპმა გაითვალისწინოს შემდეგი: მას თუ პოლიტიკური ბრძოლა სურს, მაშინ ეს პოლიტიკურ ბრძოლად განვიხილოთ. მას თუ ვაჭრობაზე საუბარი სურს, დავსხდეთ და ვაჭრობაზე ვისაუბროთ, მაგრამ ყველაფრის ერთმანეთში არევა შეუძლებელია. მე არ შემიძლია, უბრალოდ ტრამპს წერილი გავუგზავნო და ვთქვა: „მისმინე, ტრამპ, ბრაზილია ამას და ამას არ გააკეთებს, თუ შენ ამას და ამას კუბასთან არ გააკეთებ“. მე ამის გაკეთება არ შემიძლია – შეერთებული შტატების, დიპლომატიისა და თითოეული ერის სუვერენიტეტის პატივისცემის გამო“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

Advertisement