Logo

ტრამპმა ღაზას სექტორთან დაკავშირებული საბოლოო შეთანხმების გაფორმების ადგილი და მძევლების გათავისუფლების თარიღი დაასახელა

მსოფლიო
266
Frontnews image description

"ჰამასის" მებრძოლები ყველა მძევალს მომავალი კვირის პირველ ნახევარში გაათავისუფლებენ, ამასთან, ღაზას სექტორთან დაკავშირებული საბოლოო შეთანხმების ხელმოწერა ეგვიპტეშია დაგეგმილი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

"ჩვენ უზრუნველვყავით ყველა დარჩენილი მძევლის ("ჰამასის") გათავისუფლება და ისინი ორშაბათს ან სამშაბათს (13 ან 14 ოქტომბერს) უნდა გაათავისუფლონ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, მძევლების გათავისუფლება რთული პროცესია.

"ჩვენ ეგვიპტეში გავემგზავრებით, სადაც დამატებით შეთანხმებას მოეწერება ხელი. ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას ჩემი სახელით, მაგრამ ახლა ოფიციალური ხელმოწერა მოხდება“, - განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, კატარიდან საუდის არაბეთამდე და არაბთა გაერთიანებულ საამიროებამდე, როგორც მდიდარი, ასევე ნაკლებად მდიდარი, "გაერთიანდნენ“.

ტრამპის თქმით, ღაზას სექტორი "აღდგება".

"მსოფლიოს ამ ნაწილში ზოგიერთ ქვეყანას უზარმაზარი სიმდიდრე აქვს და მათი შემოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია საოცრებები მოახდინოს ღაზასთვის“, - აღნიშნა მან.

9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელმა და "ჰამასმა" ხელი მოაწერეს ამერიკული სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას.

მისივე თქმით, "ჰამასი" არსებითად დათანხმდა ყველა მძევლის გათავისუფლებას და ისრაელის ჯარისკაცების შეთანხმებულ ხაზზე გაყვანას.

ასევე 8 ოქტომბერს, ტრამპმა გამოაცხადა ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ, 12 ოქტომბერს შედგება.

Advertisement