ტრიუდო – კანადა მზად არის დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის, თუ ტრამპი 25%-იან ტარიფს დააწესებს


ავტორი
Front News საქართველო
კანადამ მოამზადა დაუყოვნებელი პასუხი იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 25%-იან ტარიფს დააწესებს, ოტავა უმოქმედოდ არ იქნება, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.
“თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს კანადისთვის რაიმე ტარიფის დაწესებას, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ – მიზანმიმართულად, გადამწყვეტად, მაგრამ გონივრულად და დაუყოვნებლივ. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ თუ ის წინ წავა, ჩვენც ვიმოქმედებთ“, – განაცხადა კანადის პრემიერმა.
მისი თქმით, კანადის მთავრობამ მოახდინა რეაგირება ტრამპის განცხადებებზე, რომ ქვეყანამ თითქოს ვერ შეაჩერა ფენტანილის (ნარკოტიკული ნივთიერების) ნაკადი შეერთებულ შტატებში.
“ჩვენი საზღვარი საიმედო და უსაფრთხოა. ჩვენ ახლა ვუჩვენებთ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, რომ მათ ჰყავთ ძლიერი პარტნიორი კანადაში, როდესაც საქმე ეხება საზღვრის უსაფრთხოების შენარჩუნებას, ამასთან, ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ჩვენ უკან არ დავიხევთ, რომ თუ ტარიფები დაწესდება კანადაზე, ჩვენ ვუპასუხებთ”, – განაცხადა ტრიუდომ.
მისივე თქმით, შეერთებული შტატების წინააღმდეგ საპასუხო ზომები ძალაში დარჩება 25%-იანი ტარიფის გაუქმებამდე.
პრემიერ-მინისტრმა ასევე გააფრთხილა, რომ კანადელებს შეიძლება შეექმნათ “რთული დრო” უახლოეს კვირებში, თუ ტარიფები ძალაში შევა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 1 თებერვლიდან შემოიღებდა 25%-იან ტარიფს კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე. მან თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არალეგალური ემიგრანტები და ნარკოტიკები შეერთებულ შტატებში კანადისა და მექსიკის გავლით ხვდება.
