"წინააღმდეგობის ახალი ფაზა იწყება, ვაგრძელებთ ერთმანეთის მხარდამხარ ბრძოლას და ვამბობთ, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე"


ავტორი
Front News საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის წევრებმა შოთა რუსთაველის ძეგლთან განცხადება გააკეთეს.
"ბოლო დღეების მოვლენები ცხადყოფს, რომ წინააღმდეგობის ახალი ფაზა იწყება. ამ კრიტიკულ პროცესში უპასუხისმგებლო პოლიტიკის დრო ნამდვილად არ არის. ჩვენთვის ნათელია, რომ წინააღმდეგობის ეს ფაზა საჭიროებს, ერთი მხრივ - განვლილის შეფასებას, მეორე მხრივ - სტრატეგიულ განახლებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტთან მიმართებით სწორედ ეს შეფასება და განახლება გვინდა შემოგთავაზოთ.
ჩვენი პროტესტი 30 ნოემბერს დაიწყო და მას შემდეგ, წინააღმდეგობის არც ერთ დღეს საზმაუს წინ შეკრებისა და შემდგომი მარშის გარეშე არ ჩაუვლია. სწორედ ამ პრინციპულობით ჩამოვყალიბდით წინააღმდეგობის უმნიშვნელოვანეს კერად. 6 თვის განმავლობაში მოვიპოვეთ 20-ზე მეტი ეთერი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. 6 თვის განმავლობაში ვაწარმოვეთ 150-ზე მეტი სახალხო ეთერი ტელევიზიის წინ, გავმართეთ 300-ზე მეტი მარში თბილისში და ათეულობით რეგიონებში. უწყვეტი რუტინის შედეგად, მივაწვდით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს. კონკრეტული შეძახილებით და სათქმელით საჯაროდ შევძელით საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების და პრობლემების არტიკულირება, რაც მთავარია - ყოველთვის ვიყავით რეჟიმის ტყვეებისა და მათი ოჯახების გვერდით.
გვჯერა, რომ ახლა, როდესაც ქვეყანაში ავტორიტარიზმი ყოველდღიურად ძლიერდება, მხოლოდ თანაგრძნობაზე დაფუძნებულ, პასუხისმგებლიან სახალხო წინააღმდეგობას შეუძლია დაუპირისპირდეს რეჟიმს. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია რეჟიმის ყველაზე მძლავრი იარაღისკენ, პროპაგანდისკენ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის მიმართვა. სწორედ ამიტომ, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას რომ გავაფართოოთ და გავაძლიეროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტი და პროპაგანდას ყველა შესაძლო რესურსით და ერთად დავუპირისპირდეთ.
ამისთვის ვგეგმავთ:
• პირველი - საჯარო, განსაკუთრებით კი პერიფერიების სივრცეებში, პარკებში, მეტროსადგურებში თუ ბაზრობებზე იმ ინფორმაციის მასობრივად გაჟღერებას, რომელსაც სამთავრობო მედია წლებია მალავს. ამავდროულად, ციფრულ პლატფორმებზე ჩვენი პროტესტის გაძლიერებას და ინტერნეტსივრცეში პროპაგანდასთან მეტად აქტიურ ბრძოლას.
• მეორე - მარშების რუტინის ეტაპობრივ ცვლილებას, არა ყოველდღიური ტრაექტორიების გამეორებას, არამედ - მსვლელობის გზის გაფართოებას და გამრავალფეროვნებას, კონკრეტული თემით განსაზღვრულ დათქმულ თარიღებში საინფორმაციო მსვლელობების მასშტაბურ ორგანიზებას.
• მესამე - ანალოგიური შეთავაზების გაკეთებას კრიტიკული მედიებისადმი, რაც მოთხოვნებიც გვქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ვგრძნობთ აუცილებლობას, რომ საეთერო დრო მეტი სიხშირით უნდა დაეთმოს პროტესტის მონაწილე თუ მის გარეთ მყოფ ხალხს, ხალხის აზრს და არა მხოლოდ კარგად ნაცნობი პოლიტიკური სახეების სათქმელს.
გვინდა მტკიცედ, ეჭვშეუტანელი რწმენით ვთქვათ, ვერავინ შეძლებს ამ ქვეყნის ხალხში გააქროს თანაგრძნობა. ჩვენ ვაგრძელებთ ერთმანეთის მხარდამხარ ბრძოლას და ვამბობთ, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებამდე და საზოგადოების კუთვნილი სამართლის დაბრუნებამდე. თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, სოლიდარობისთვის - ბოლომდე", - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
პროტესტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს