წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროექტის “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროექტის "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ქალაქ წყალტუბოს 2022-2026 გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხი განიხილეს.
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის "სპექტრის“ თავმჯდომარემ ქეთევან ცხაკაიამ დაინტერესებულ მხარეებს პროექტის მთავარი მიზნები და ამოცანები გააცნო. საქართველოში ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმების ისტორიისა და სტრატეგიული განვითარების მეთოდოლოგიის თაობაზე გამართული დისკუსიის შემდეგ კი გარემოსდაცვითი პრობლემების იდენტიფიკაცია მოახდინა.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"ეს არის ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პროექტი, ეკოლოგოური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება, უკვე დაიწყო მუშაობა ქალაქ წყალტუბოს 2022-26 გარემოსდაცვით გეგმაზე, რომლის მთავარი პრიორიტეტი ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვა იქნება, რაც მომავალში უზრუნველყოფს სუფთა გარემოს შექმნას", – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
ცნობილია, რომ დაგეგმილია კიდევ 4 შეხვედრის ჩატარება სტეიქჰოლდერთა მონაწილეობით, რომელთა შედეგად შემუშავებული იქნება ქალაქ წყალტუბოს ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა 2022-2026 წლებისათვის.
საერთაშორისო პროექტს"თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია „2014-2020 წლების შავი ზღვის აუზის ქვეყნების პროგრამის“ ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი პროექტის წამყვანი პარტნიორია, პროექტის პარტნიორებია რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (სომხეთი), უნგერის მერია (მოლდოვა), ასოციაცია ტექნოპოლ გალაცი (რუმინეთი), იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი" (საქართველო).
თაგები:
