Logo

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6 თვის ვადით გაწვეულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადების გავლა დაიწყეს

სამხედრო
19 საათის წინ / 13:03
Frontnews image description

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვიანი ვადით გაწვეულმა და ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა პირებმა ვაზიანის მე-4 და სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადებში საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლა დაიწყეს.

ამ ეტაპზე საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს საქართველოში მცხოვრები ტერიტორიული პრინციპით გადანაწილებული პირები გაივლიან. გაწვევის მიმდინარე ეტაპზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვიანი ვადით გაწვეულ პირთა რაოდენობით თავდაცვის ძალების მიერ მოთხოვნილი კვოტა სრულად დაკმაყოფილდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანისა და სენაკის ქვედანაყოფებში შესვლის პირველივე დღეს წვევამდელებს სამხედრო ბაზაზე მოქცევის ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ, აღჭურვილობა დაურიგდათ და იმ ყაზარმებში განთავსდნენ, სადაც 8-კვირიანი კურსის განმავლობაში იცხოვრებენ. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის განმავლობაში ისინი საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს გაივლიან. სამხედრო ინსტრუქტორები კურსის მონაწილეებს ფიზიკურად მოამზადებენ და სადისციპლინო წესდებებსაც გააცნობენ.

8-კვირიანი კურსის დასრულების შემდეგ, წვევამდელები ფიცს დადებენ და თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონში და მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონში გადანაწილდებიან. 6-თვიანი ვადით გაწვეული პირები წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს საბრძოლო ქვედანაყოფებში ყოველდღიურად გაივლიან. მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 765 ლარი იქნება. ის პირები კი, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ.

თავდაცვის ახალი კოდექსით 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ თავდაცვის ძალებში. თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სრულიად განახლდა და 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. შესაბამისად, თავდაცვის ძალებში შეიქმნა სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, რომელიც 8 რეგიონული ცენტრისა და 81 მუნიციპალური განყოფილების მეშვეობით, თავდაცვის ძალების რეგულარული და სარეზერვო სამხედრო სამსახურების შესაბამისი პერსონალით დაკომპლექტებისათვის საჭირო აღრიცხვიანობას, რეკრუტირებას და გაწვევის ღონისძიებებს ახორციელებს.

Advertisement