Logo

ტუსკი - ვაგროვებთ საჭირო უმრავლესობას, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის

პოლიტიკა
218
Frontnews image description

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთის ხელისუფლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ლობირების პროცესს იწყებს, რათა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერონ.

"ჩვენ ვაგროვებთ საჭირო უმრავლესობას, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის. კარგად ვიცი, რომ ქართველების დაახლოებით მესამედი ნამდვილად იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, თუ რა არის პრობლემა.

საქმე მხოლოდ საქართველოს არ ეხება, ბოდიშს ვუხდი ქართველებს, რომლებიც შეიძლება განაწყენებულები იყვნენ. ზოგადად, მე ვარ იმ ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის მტკიცე მომხრე, რომლებიც, როგორც საქართველოს შემთხვევაში, აღარ სცემენ პატივს სტანდარტებს, ან ავტორიტარული ხელისუფლების კუთხით, ან საიდან მიგრაციაც პირდაპირი საფრთხეა ჩვენს ქვეყანაში კანონისა და წესრიგისთვის", - განაცხადა ტუსკმა პოლონეთის სეიმში იმიგრაციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, პოლონეთის მთავრობა ყოველდღიურად ახორციელებს კრიმინალში ეჭვმიტანილთა დეპორტაციას, ბოლოს, 4 დღის წინ, 50 ქართველი, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ კრიმინალურ საქმიანობაში, პოლონეთიდან იქნა დეპორტირებული.

პოლონეთის სეიმმა დონალდ ტუსკის მთავრობას დღეს ნდობა გამოუცხადა. შესაბამის გადაწყვეტილებას 460-ადგილიანი სეიმის 243-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 210 კანონმდებელი იყო.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში მას შემდეგ დანიშნა, რაც პირველ ივნისს გამართული პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის კანდიდატი დამარცხდა. გამარჯვება კი კაროლ ნავროცკიმ მოიპოვა, რომელსაც ოპოზიციური მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს მხარს.

Advertisement