Logo

უკრაინა აშშ-თან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებს

უკრაინა
1026
Frontnews image description

უკრაინა მომავალ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს შეთანხმება იმოქმედებს მანამ, სანამ უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება, რაც “უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტიაა“.

 

“უკრაინა მომავალ კვირას დაიწყებს მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან ორმხრივ შეთანხმებაზე უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ. ეს გარანტიები იმოქმედებს მანამ, სანამ უკრაინა არ მიიღებს ნატოს წევრობას, რაც უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტიაა”, – განაცხადა ერმაკმა.

 

შეთანხმება გაფორმდება იმ დეკლარაციის ფარგლებში, რომელიც დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ვილნიუსში ნატოს სამიტზე შეათანხმეს.

 

“ამ დეკლარაციას უკვე შეუერთდა ათზე მეტი ქვეყანა და თითქმის ყოველ კვირას უერთდებიან ახალი სახელმწიფოები. დეკლარაციის მონაწილეებთან ერთად უკრაინა გააფორმებს ორმხრივი შეთანხმებების სისტემას, რომელიც შეიცავს უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებს. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ორმხრივ შეთანხმებებზე თითოეულ პარტნიორთან“, – განაცხადა ერმაკმა.

 

მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიები იქნება კონკრეტული და გრძელვადიანი ვალდებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინის გამარჯვებას ახლა და საშუალებას მისცემს მას მომავალში შეაჩეროს რუსული აგრესია. საუბარია თავდაცვისა და ფინანსურ მხარდაჭერაზე, ასევე რუსეთის ფედერაციის სანქციებსა და დასჯაზე.

 

Advertisement