Logo

“უკრაინა კრემლისთვის მთავარი ბრძოლის ველია, მაგრამ გვაქვს მაგალითები, როგორ ჩაერია რუსეთი აშშ-სა თუ საფრანგეთის არჩევნებში”

უკრაინა
13.02.2019 / 17:49
Frontnews image description

თბილისი: უკრაინა კრემლისთვის მთავარი ბრძოლის ველია, მაგრამ გვაქვს მაგალითები, როგორ ჩაერია რუსეთი აშშ-სა თუ საფრანგეთის არჩევნებში, – ამის შესახებ თბილისში მიმდინარე ფორუმზე  “აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნები დეზინფორმაციის წინააღმდეგ”  საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა განაცხადა.

 

მისი შეფასებით, ეს იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე მხოლოდ დეზინფორმაცია.

 

“ჩვენ ვხედავთ რუსული რბილი ძალისა და პროპაგანდის გამოყენებას ჩვენს ქვეყნებში. მართალია, უკრაინა მთავარი ბრძოლის ველია კრემლისთვის, მაგრამ თუ გადავხედავთ 2017-2018 წლებს, გვაქვს ნათელი მაგალითი, თუ როგორ ჩაერია რუსეთი აშშ-სა თუ საფრანგეთის არჩევნებში. ეს კი გვაძლევს იმის დასკვნის საფუძველს, რომ გაცილებით ღრმა პრობლემასთან გვაქვს საქმე, ვიდრე უბრალოდ დეზინფორმაციასთან. ისინი ერევიან საარჩევნო პროცესებში, იყენებენ ყველა შესაძლებლობას, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომ შეაღწიონ ცენტრალური საარჩევნო კომისიების სერვერებში. ეს კი, პარალელურ რეალობას ქმნის. უფრო და უფრო პოპულარული გახდა ახალი სოციალური ქსელებისა და ტექნოლოგიების გამოყენება. დღეს ყველა შესაძლებლობა ღიაა. ამ საფრთხეებს საზოგადოების განათლებით უნდა ვებრძოლოთ, მივაწოდოთ უფრო მეტი სწორი და რეალური ინფორმაცია, რათა საზოგადოება უფრო მყარი გახდეს მსგავსი საფრთხეების წინაშე“, – განაცხადა ელჩმა.

 

სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტისა (CDRI) და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის (EGI) ორგანიზებით  ფორუმი „აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნები დეზინფორმაციის წინააღმდეგ”  სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარეობს.  ღონისძიებას აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

თაგები:

Advertisement